საქართველოს პრეზიდენტმა ქორეოგრაფი გიორგი ალექსიძე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი ალექსიძე საქართველოში ნეოკლასიკური და თანამედროვე ბალეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ქართული საბალეტო ხელოვნების პოპულარიზაციისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის დააჯილდოვა.
დღეს ორბელიანების სასახლეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე სახელმწიფო ჯილდო მის მეუღლეს, მარინა ალექსიძეს გადაეცა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი ალექსიძის შემოქმედების განსაკუთრებულობასა და უნიკალურობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა მის როლს ქართული ბალეტის განვითარებაში.
„ქართული ბალეტი, ჩვენი კულტურის განუყოფელი ნაწილი და ქართული შემოქმედებითი გენიისა და ნიჭის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
ბალეტზე საუბრისას ერთად განვიხილავ კლასიკურ ბალეტს, თანამედროვე ბალეტსა და ქართულ, ეროვნულ ცეკვებს, რადგან სამივე სახეობა ერთი დიდი შემოქმედებითი ნიჭის გამოვლინებაა. რამ გაყო ვახტანგ ჭაბუკიანი ბალანჩინისგან, ბალანჩინი – სუხიშვილებისგან, ან სუხიშვილები – ალექსიძეებისგან.
ჭაბუკიანმა ქართული კლასიკური ბალეტი მიუწვდომელ სიმაღლეზე აიყვანა. მასთან ერთად არ შეიძლება, აქ არ გავიხსენო ვერა წინდაძის სახელი და მისი არაჩვეულებრივი დუეტი, რომელიც ყველას მეხსიერებაში მუდმივად დარჩება. ბალანჩინმა, რომლის გაცნობის ბედნიერებაც მქონდა ამერიკაში, ამერიკული თანამედროვე ბალეტი შექმნა და მას არ დავიწყებია ქართული წარმომავლობა და ძირი. სუხიშვილებმა გააცოცხლეს, თუ არა შექმნეს და მსოფლიოში გაიტანეს ქართული ცეკვა და მაშასადამე, ქართული კულტურა. გიორგი ალექსიძემ კი, მსოფლიო საზოგადოებას ბალეტისა და ქორეოგრაფიის ახალი ხედვა გაუზიარა.
ამ ყველა შემოქმედის საერთო ნიშანი და მახასიათებელი არის ის, რომ ისინი ერთდროულად იყვნენ კლასიკოსებიც და ნოვატორებიც, გამბედავებიც და ტრადიციების გამგრძელებლებიც.
დღევანდელი დღის გმირი, გიორგი ალექსიძე, თავისი საქმიანობითა და შემოქმედებით გამორჩეული პიროვნება იყო და ქართული ბალეტის სამსახურში 30 წელი გაატარა. ის წლების განმავლობაში, ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელი იყო.
მისი მთლიანი შემოქმედებიდანაც ჩანს, რომ ის იყო თავისუფალი, როგორც ადამიანი და თავისუფალი, როგორც ხელოვანი. ხელოვნებაში ვერ იქნები, თუ არ ხარ სრულაიდ თავისუფალი. მან ბალეტსა და ქორეოგრაფიაში ახალი ენა და ახალი ხედვა შემოიტანა: ქორეოგრაფიული მინიატურები, კამერული ბალეტი, მისი ხელწერა, გაჯერებული იყო სისადავითა და დახვეწილობით.
სამწუხაროდ, მე პირადად არ ვიცნობდი გიორგი ალექსიძეს, მაგრამ პირველად (და ეს ძალიან კარგად მახსოვს) დათო ჩუბინიშვილის სახლში მისი დოკუმენტური ფილმით გავიცანი. შემდგომში კი, კიდევ სხვაგვარად გავიცანი მისი ქალიშვილის ქორეოგრაფიიდან.
ადამიანი, რომელიც ასეთ კვალს ტოვებს და რომლის მემკვიდრეობა გრძელდება და განახლებასაც განიცდის, არ კვდება. ამიტომ მე დღეს ცოცხალ ხელოვანს, ცოცხალ გიორგი ალექსიძეს ვაჯილდოვებ საქართველოს დიდ პატრიოტსა და დიდ ხელოვანს!“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
დაჯილდოების ცერემონიაზე გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის დასმა, რომელსაც გიორგი ალექსიძის ქალიშვილი მარიამ ალექსიძე ხელმძღვანელობს, წარმოადგინა გალაკტიონ ტაბიძის პოეზიის მიხედვით დადგმული ბალეტი „დოვინ დოვენ დოვი“.
ღონისძიებას ესწრებოდნენ გოგი ალექსიძის ოჯახის წევრები, მეგობრები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.
ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.