საქართველოს პრეზიდენტმა 40-მდე კანონს ხელი მოაწერა
საქართველოს პრეზიდენტმა 40-მდე კანონს ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 40-მდე კანონს ხელი მოაწერა, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მათ შორისაა საავტორო უფლებების დაცვის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა, ასევე მარტოხელა მშობელთა შესახებ კანონებში შეტანილი ცვლილებები.

„ ამ კანონების დიდი ნაწილი მიმართულია იქითკენ, რომ საქართველოს მოქალაქეების უფლებები იყოს უკეთ დაცული. განსაკუთრებით გამოვყოფდი ცვლილებებს, რომელიც ემსახურება საავტორო უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლებას, ასევე იმას, რომ სახელმწიფო უწყებებმა უფრო კოორდინირებულად და ეფექტურად იმუშაონ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად. ასევე მარტოხელა მშობლების შვილებს ავტომატურად აღარ შეუწყდებათ სოციალური დაცვის გარანტიები, მხოლოდ იმ ფაქტის გამო, რომ მათი მშობელი რეგისტრირებულ ქორწინებაში შევა”,-აღნიშნა ანა ნაცვლიშივლმა.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონსაც. “ამ ცვლილებებით გაიზრდება დამოუკიდებელი ინსტიტუტის, ეროვნული ბანკის საზედამხედველო და საკონტროლო ფუნქციები საფინანსო სექტორთან მიმართებაში”,-განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.

ამასთან, ანა ნაცვლიშვილის თქმით, მისასალმებელია, რომ ხელმოწერილი ცვლილებების ნაწილი განპირობებულია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებით.

“ევროპული სტანდარტისა და სულისკვეთების კანონმდებლობის შექმნა, შემდეგ პრაქტიკაში განხორციელება, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა საქართველო ჩამოყალიბდეს, როგორც ევროპული ტიპის ძლიერი დემოკრატია. ამ მიმართულებით ჩვენ ველოდებით შემდგომ საკანონმდებლო  სამუშაოებს“, -განაცხადა ნაცვლიშვილმა.