საქართველოს პრეზიდენტი გორში საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გორში, „სტრატეგიული დისკუსიის“ ფარგლებში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვა და დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას.
სტრატეგიული დისკუსია – „ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა და მედეგობა“ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და ეროვნული უშიშროების საბჭოს ორგანიზებით იმართება და მას საქართველოს ხელისუფლების წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების თემის ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები ესწრებიან.
ეროვნული მედეგობის მნიშვნელობის შესახებ სემინარზე სპეციალური სტუმრის სტატუსით მოწვეული პროფესორის შაულ კიმჰის (Dr. Shaul Kimhi) მოხსენებას მოისმენენ.
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით 2016 წელს შექმნილი „სტრატეგიული დისკუსიის“ მიზანია შესთავაზოს უსაფრთხოების თემის წარმომადგენლებს ინკლუზიური ფორმატი, სადაც პროფესიული განხილვების შედეგად გამოითქმება მოსაზრებები, გამოიკვეთება პრიორიტეტები და მომზადდება რეკომენდაციები ქვეყნის და რეგიონალური უსაფრთხოების პოლიტიკასთან მიმართებაში, მათ შორის საქართველოს ეროვნული უშიშროების განმტკიცების პროცესში ერთიანი ეროვნული მიდგომისა და ეროვნული მედეგობის უზრუნველყოფის საკითხებზე.