საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც პირველი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვია, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დიასპორასთან შეხვედრაზე დაისვა ყველა ის პრობლემური საკითხი, რომელიც ბელგიაში მცხოვრებ დიასპორის წარმომადგენლებს აინტერესებდათ, მათ შორის იყო ორმაგი მოქალაქეობის თემაც.
ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩისა და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელის, ნატალი საბანაძის განცხადებით, რამდენიმე საინტერესო იდეა გაჟღერდა პრეზიდენტის მხრიდან, მათ შორის საქართველოს პარლამენტში დიასპორის წარმომადგენლის ინსტიტუტის შესახებ, რომლის მაგალითებიც არსებობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებში.
როგორც ელჩმა აღნიშნა, იმის გათვალისწინებით, რომ ქართული დიასპორა გაძლიერდა და გაიზარდა,
მათი ინტერესების გატარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი წამოწყება.
შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო დიასპორის ორგანიზაციების ჩართულობას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში.
დიასპორის წარმომადგენლებმა იმედი გამოთქვეს, რომ თანამშრომლობა დიასპორასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის კიდევ უფრო გაღრმავდება და ნაყოფიერი გახდება.
სალომე ზურაბიშვილი, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ბელგიის უმაღლესი სასწავლებლების ქართველ სტუდენტებსაც შეხვდა.