სალომე ზურაბიშვილი ბელგიაში ქართველ სტუდენტებს შეხვდა
სალომე ზურაბიშვილი ბელგიაში ქართველ სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში პირველი სამუშაო ვიზიტით იმყოფება. მაღალი რანგის შეხვედრებამდე, საქართველოს პრეზიდენტი ქართველ სტუდენტებს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტუდენტები საქართველოს საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ხედვით დაინტერესდნენ და სალომე ზურაბიშვილს იმ პრობლემების შესახებ ესაუბრნენ, რომლებიც მათ ბელგიაში სწავლისა და ცხოვრებისას ექმნებათ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ქეთევან მახარაშვილის განცხადებით, შეხვედრა საინტერესოდ, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ბელგიაში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა, რომლებსაც საქართველოსთან ურთიერთობა არ გაუწყვეტიათ, საქართველოს პრეზიდენტს სხვადასხვა საკითხებზე საკუთარი მოსაზრებები გააცნეს.

„როგორც სტუდენტებმა აღნიშნეს, მათთვის მნიშვნელოვანი იყო იმის გაგება, როგორ ხედავს საქართველოს პრეზიდენტი ახალგაზრდობის როლსა და მისიას ქვეყნის ფარგლებს გარეთ – საქართველოს პოპულარიზაციის მიმართულებით და ასევე, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ქვეყნის განვითარების საქმეში“, – აცხადებენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

უახლოესი დღეების განმავლობაში სალომე ზურაბიშვილს ბრიუსელში დაგეგმილი აქვს შეხვედრები ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან და ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან. ასევე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტ ანტონიო ტაიანისთან, ევროპის კავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ფედერიკა მოგერინისთან და ევროკომისართან, მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში, დიმიტრის ავრამოპულოსთან.