საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ გამორიცხავს, რომ სასწავლო პროცესი აპრილის ბოლოს ვერ განახლდეს
არსებობს შანსი, რომ აპრილის ბოლოს სასწავლო პროცესი ვერ განახლდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით გამართულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„მოგეხსენებათ, რომ სასწავლო პროცესი შეჩერებულია. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია 21 აპრილამდე, თუმცა ობიექტურად რომ შევაფასოთ სიტუაცია, შანსი იმისა, რომ აპრილის ბოლოს სასწავლო პროცესი გაგრძელდება, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ არსებობს შანსი, რომ სასწავლო პროცესი ვერ გაგრძელდეს“, – აღნიშნა გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გამოაცხადა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში სკოლის მოსწავლეებისთვის გაკვეთილების ტრანსლირება დაიწყება. მთავრობის მეთაურის თქმით, განათლების სამინისტროსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი ინიციატივა პანდემიის პირობებში მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.
„განათლების სამინისტრომ ოპერატიულად მიიღო გარკვეული ნაბიჯები დისტანციური სწავლების გაძლიერებასთან დაკავშირებით და საერთოდ, ქვეყანაში ამ მიმართულების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. ძალიან კარგი თანამშრომლობა აქვთ საზოგადოებრივ მაუწყებელთან და 30 მარტიდან უკვე დაიწყება პირდაპირ ეთერში კონკრეტული გაკვეთილები საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის.
რა თქმა უნდა, იდეალურია, როდესაც მოსწავლეს კლასში მასწავლებელთან აქვს პირდაპირი შეხება, თუმცა იმ მდგომარეობაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით ამ პანდემიის პირობებში, ესეც წინგადადგმული ნაბიჯია და ჩვენ მივესალმებით იმას, რასაც განათლების სამინისტრო და საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთობლივად აკეთებენ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში სკოლის მოსწავლეებისთვის გაკვეთილების ტრანსლირება 30 მარტიდან დაიწყება.