გიორგი გახარია - 30 მარტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში სკოლის მოსწავლეებისთვის გაკვეთილების ტრანსლირება დაიწყება
გიორგი გახარია - 30 მარტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში სკოლის მოსწავლეებისთვის გაკვეთილების ტრანსლირება დაიწყება

30 მარტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში სკოლის მოსწავლეებისთვის გაკვეთილების ტრანსლირება დაიწყება.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით გამართულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, განათლების სამინისტროს და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი ინიციატივა პანდემიის პირობებში, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.

„მოგეხსენებათ, რომ სასწავლო პროცესი შეჩერებულია. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია 21 აპრილამდე, თუმცა ობიექტურად რომ შევაფასოთ სიტუაცია, შანსი იმისა, რომ აპრილის ბოლოს სასწავლო პროცესი გაგრძელდება, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ არსებობს შანსი, რომ სასწავლო პროცესი ვერ გაგრძელდეს.

ამიტომ, განათლების სამინისტრომ ოპერატიულად მიიღო გარკვეული ნაბიჯები დისტანციური სწავლების გაძლიერებასთან დაკავშირებით და საერთოდ, ქვეყანაში ამ მიმართულების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. ძალიან კარგი თანამშრომლობა აქვთ საზოგადოებრივ მაუწყებელთან და 30 მარტიდან უკვე დაიწყება პირდაპირ ეთერში კონკრეტული გაკვეთილები საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის.

რა თქმა უნდა, იდეალურია, როდესაც მოსწავლეს კლასში მასწავლებელთან აქვს პირდაპირი შეხება, თუმცა იმ მდგომარეობაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით ამ პანდემიის პირობებში, ესეც წინგადადმული ნაბიჯია და მივესალმებით იმას, რასაც განათლების სამინისტრო და საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთობლივად აკეთებენ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ინტერნეტპროვაიდერებს, გაითვალისწინონ სტუდენტებისა და მოსწავლეების ინტერესი, რათა მათ მარტივად ჰქონდეთ წვდომა ინტერნეტთან. მთავრობის მეთაურმა აღნიშნული ინიციატივისთვის განათლების მინისტრს მადლობა გადაუხადა.

„ამასთან ერთად, მინდა, მოვუწოდო თითოეულ ინტერნეტპროვაიდერს, რომ გაითვალისწინონ როგორც სტუდენტების, ასევე ჩვენი მოსწავლეების ინტერესი იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მარტივად ჰქონდეთ წვდომა ინტერნეტთან, შესაბამისად, დისტანციურ გაკვეთილებთან. სწორედ ამიტომ იყო ტელევიზია გამოყენებული, იმისთვის, რომ ძალიან კარგად გვესმის – ჯერჯერობით, სამწუხაროდ, ჩვენს ყველა მოქალაქეს ინტერნეტთან წვდომა არ აქვს. ეს კიდევ ერთი დამატებითი მიმართულებაა, რომელზეც მთავრობამ უნდა იფიქროს. დღევანდელ რეალობაში დისტანციური სწავლა-განათლება, შესაძლოა, ძალზე აქტუალური გახდეს ჩვენს ცხოვრებაში. მადლობა, ბატონო მიხეილ და წარმატებებს გისურვებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.