საქართველოს პირველმა არხმა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები დააჯილდოვა
კინოთეატრ „ამირანში“, თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე საქართველოს პირველმა არხმა საუკეთესო დოკუმენტური ფილმი – მარი გულბიანის „სანამ მამა დაბრუნდება“ და საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი – გიორგი სიხარულიძის „მამული“ დააჯილდოვა.
საქართველოს პირველმა არხმა თითოეული ფილმისთვის 20 ათასი ლარი გამოყო. გამარჯვებულებს პრიზები საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ გადასცა. როგორც მან დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა, ეს არ არის უბრალოდ ფულადი ჯილდოები, არამედ, ფაქტობრივად – გამზადებული კონტრაქტები და მათ საქართველოს პირველი არხი ყველანაირად გვერდში დაუდგება.
„საქართველოს პირველი არხი არის ქართული ფილმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშემწყობი, კონკრეტულად, იმ პროდუქციისა, რომელიც ქართულმა მაყურებელმა უნდა ნახოს. ჩვენ დღეს დავაჯილდოვეთ მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმები. უბრალოდ პრიზი კი არ დავაწესეთ, არამედ ერთგვარი წამახალისებელი ოც-ოცი ათასი ლარიც გამოვყავით. ეს იქნება ჩადებული იმ ფილმებში, რომლებსაც ამ ფესტივალში გამარჯვებული რეჟისორები მომავალი წლიდან გადაიღებენ. ჩვენ მათ დავეხმარებით ტექნიკური შესაძლებლობებითაც. ეს სერიოზული დახმარება და ხელშეწყობაა, მით უმეტეს, როცა საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებს თავიდანვე იმ ხელშეწყობას, რომელიც შემდგომ მათ გაუადვილებს სხვა გრანტების მოზიდვას. ქართულ ფილმთან დაკავშირებით, ძალიან სერიოზული გეგმები გვაქვს“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართა. ფესტივალის მთავარი ჯილდო – „ოქროს პრომეთე“ გადაეცა ეროვნულ კონკურსში გამარჯვებულ ფილმებს შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო მხატვრული ფილმი – დიტო ცინცაძის „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“; საუკეთესო დოკუმენტური ფილმი – მარი გულბიანის „სანამ მამა დაბრუნდება“; საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი – გიორგი სიხარულიძის „მამული“. საუკეთესო მხატვრული ფილმი დააჯილდოვა ქართული ფილმის განვითარების ფონდმა, ხოლო საუკეთესო დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები – საქართველოს პირველმა არხმა.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის პარტნიორია საქართველოს პირველის არხი.