კინოთეატრ „ამირანში“ თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები დააჯილდოეს
კინოთეატრ „ამირანში“ თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები დააჯილდოეს

თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართა. ფესტივალის მთავარი ჯილდო – „ოქროს პრომეთე“ გადაეცა ეროვნულ კონკურსში გამარჯვებულ ფილმებს შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო მხატვრული ფილმი – დიტო ცინცაძის „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“; საუკეთესო დოკუმენტური ფილმი – მარი გულბიანის „სანამ მამა დაბრუნდება“; საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი – გიორგი სიხარულიძის „მამული“.

საუკეთესო მხატვრული ფილმი დააჯილდოვა ქართული ფილმის განვითარების ფონდმა, ხოლო საუკეთესო დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები – საქართველოს პირველმა არხმა. საქართველოს პირველმა არხმა მის მიერ დაჯილდოებული თითოეული ფილმისთვის 20 ათასი ლარი გამოყო. გამარჯვებულ რეჟისორებს პრიზები საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ პირადად გადასცა. როგორც მან დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა, ეს არ არის უბრალოდ, ფულადი ჯილდოები, არამედ, ფაქტობრივად – გამზადებული კონტრაქტები და მათ საქართველოს პირველი არხი ყველანაირად გვერდში დაუდგება.

საქართველოს პირველი არხის ტელეფილმების ხელმძღვანელი კოტე ჯანდიერი აღნიშნავს, რომ ეს ფულადი ჯილდო სტარტაპია ახალგაზრდა რეჟისორებისთვის.

„საქართველოს პირველი არხის მიერ ეს ფულადი დახმარება ერთგვარი სტარტაპია ახალგაზრდა რეჟისორებისთვის, რომელებმაც გაიმარჯვეს მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში და დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში. ეს არის ლოგიკური, რადგან დოკუმენტურ ფილმს და მოკლემეტრაჟიან ფილმს არ აქვს საფესტივალო ცხოვრების იქით გასაქანი. ბუნებრივია, რომ კინოგაქირავებაში, კინოთეატრებში ამ ფილმებს მაყურებელი არ ჰყავს.

ტელევიზიაა ასეთი მოკლემეტრაჟიანი ფილმებისა და დოკუმენტური ფილმების მთავარი გამავრცელებელი და მიმტანი საზოგადოებამდე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ გადავიტანეთ ჩვენი აქცენტი მოკლემეტრაჟიანსა და დოკუმენტურ ფილმებზე“, – განაცხადა კოტე ჯანდიერმა.

ამასთან, დაჯილდოებაზე საპატიო „პრომეთე“ მექსიკელ რეჟისორს, კარლოს რეიგადასს და ქართველ სცენარისტსა და რეჟისორს, ირაკლი კვირიკაძეს გადაეცათ.

ევროკავშირის ჯილდო ადამიანების უფლებებისთვის კინოში გადაეცა უტა ბერიას „უარყოფითი რიცხვებს“.

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო ცნობილი ქართველი რეჟისორის, მიხეილ კობახიძის ფილმი „ქორწილი“.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის პარტნიორია საქართველოს პირველის არხი.