საქართველოს პირველმა არხმა მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდას, ნონა გაფრინდაშვილს უმასპინძლა [ფოტო, ვიდეო]
საქართველოს პირველმა არხმა მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდას, ნონა გაფრინდაშვილს უმასპინძლა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს და მათ შვილებს მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონთან და პირველ ქალ საერთაშორისო დიდოსტატთან ჭადრაკის თამაშის შესაძლებლობა მიეცათ.
„ძალიან დიდ პატივს ვცემ პირველ არხს და ეს იყო ჩემი საჩუქარი, პატივისცემის გამოხატვა ამ არხისადმი. ასეთი ღონისძიებების გამართვა ძალიან კარგია ბავშვებისთვის. მათგან თუნდაც ერთმა რომ მიჰყოს ხელი ჭადრაკს და წარმატებას მიაღწიოს, ესეც საქმეა. ახალი წელი მოდის და ყველას ვუსურვებ მშვიდობასა და კეთილდღეობას“, – განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.
საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის თქმით, პირველი არხისთვის დღეს ისტორიული დღეა.
„ნამდვილად ისტორიული დღეა პირველი არხისთვის, რადგან ქართული სპორტის ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი სტუმრობს პირველ არხს. მისი პროექტის ფარგლებში, ის შეხვდა მაუწყებლის თანამშრომლებს და მათ შვილებს. ეს ჩვენთვის ერთგვარი საახალწლო სიურპრიზია. ახალ წელს მივულოცავ ჩვენს მაყურებელს, ამ ძალიან საინტერესო ტურნირით გავილამაზეთ დღეს“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე მსოფლიო ტურნეს – „ეთამაშე ჭადრაკის დედოფალს“ ფარგლებში აპირებს რამდენიმე ქვეყანაში გამგზავრებას და ჭადრაკის გულშემატკივრებთან შეხვედრებს.