საქართველოს პირველმა არხმა ახალი შენობის მშენებლობის ტენდერი გამოაცხადა

საქართველოს პირველმა არხმა ახალი შენობის მშენებლობის ტენდერი გამოაცხადა. პირველი არხის ახალი შენობა პოლიტკოვსკაიას 31 ნომერში იქნება განთავსებული.

საქართველოს პირველმა არხმა მშენებლობის ნებართვა, ორწლიანი სამუშაოების ჩატარების შედეგად, დედაქალაქის მერიის არქიტექტურის სამსახურისგან 28 მაისს მიიღო.

ტენდერში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს სატენდერო პირობების გაცნობა შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შეუძლიათ.

აღნიშნული ტენდერის ნახვა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე – https://tenders.procurement.gov.ge/, განცხადების ნომრით NAT200008305

მშენებლობის ზედამხედველობისთვის საქართველოს პირველმა არხმა, ასევე ტენდერის მეშვეობით, დაიქირავა საერთაშორისო პროექტების მართვის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე რეგიონში ლიდერი კომპანია „სიემსი“, რომელიც აქტიურად იქნება ჩართული პროექტის მართვაში.

ვინაიდან კოსტავას ქუჩაზე მდებარე შენობა არის ავარიული, მოქმედმა მენეჯმენტმა და არხის სამეურვეო საბჭომ 2017 წელს მიმართეს ეკონომიკის სამინისტროს და სამინისტროს გადაწყვეტილებით, არხს მფლობელობაში გადაეცა ორი ჰექტარი მიწის ფართობი პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე. 2017 წელს საქართველოს პირველი არხის მენეჯმენტმა გამოაცხადა კონკურსი და ახალი შენობის დიზაინისა და ვიზუალის შერჩევა საზოგადოებას შესთავაზა. პირველად ქართულ რეალობაში საპროექტო წინადადება ფეისბუქ კენჭისყრით შეირჩა და გაიმარჯვა შპს „თბილქალაქპროექტმა“.

ამასთან, საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით,  საქართველოს პირველი არხის ახალი შენობა უნდა აშენდეს და ამ გადაწყვეტილებას ალტერნატივა არ აქვს.

„ახალი შენობის შესახებ გადაწყვეტილება, კოსტავას ქუჩაზე არსებული შენობის ავარიულობის გამო, ბევრი წლის წინ არის მიღებული, თუმცა არ იყო გადაწყვეტილი, რა ფორმით მოხდებოდა მშენებლობა. კოსტავას ქუჩაზე არსებული შენობის რეაბილიტაცია არის შეუძლებელი და მისი ავარიული მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება. თავი დავანებოთ იმას, რომ გადახრილია, აქ არის მიწისქვეშა წყლების თემაც. ამიტომ, ბევრი წლის წინ მიიღეს ახალი შენობის შესახებ გადაწყვეტილება, თუმცა არ იყო გადაწყვეტილი, სად უნდა გადასულიყო ტელევიზია და როგორ აშენებულიყო ახალი შენობა. თუ ტელევიზია ძველ ადგილზე დარჩებოდა, მაშინ ეს შენობა უნდა დანგრეულიყო და ახალი აშენებულიყო, რაც მძიმე პრობლემებთან არის დაკავშირებული – ტელევიზიას უნდა შეეწყვიტა მუშაობა, ამდენი ადამიანი დარჩენილიყო უმუშევარი, ქვეყანა კი – საზოგადოებრივი მაუწყებლის გარეშე. ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობდა ამ თემაზე და მოიძებნა ასეთი გამოსავალი – ტელევიზიისთვის გამოიყო მიწა და მშენებლობის თანხას ტელევიზია საკუთარი ბიუჯეტიდან გაისტუმრებს. საქართველოს პირველი არხი ააშენებს ბევრად უფრო ოპტიმალურ, თანამედროვე სიტუაციაზე მორგებულ შენობას, რომლის ექსპლუატაციაც იქნება იაფი. ვგულისხმობ თუნდაც იმას, რომ კოსტავას ქუჩაზე მდებარე შენობის გათბობა არის შეუძლებელი. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ხანძარსაწინააღმდეგო ზომების მიღება პრაქტიკულად შეუძლებელია. შენობის გვერდით, თავის დროზე, იყო დიდი აუზი, რომელსაც ხანძრის შემთხვევაში გამოიყენებდნენ. ახლა ესეც არ გვაქვს და ფაქტობრივად, ცეცხლმაქრების იმედად ვართ. ასე რომ, ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას – დღეს იწყება მშენებლობის პროცესი. ერთი კვირის წინ მივიღეთ მშენებლობის ნებართვა, უზარმაზარი სამუშაოა ჩატარებული და ვიწყებთ. იმედი მაქვს, რომ ტენდერი დასრულდება წარმატებით და დავიწყებთ მშენებლობას. გვექნება ახალი, თანამედროვე, დიდ შესაძლებლობებზე მორგებული ტელევიზია“, – აცხადებს ვასილ მაღლაფერიძე.