რა მდგომარეობაშია ქვეყნის მთავარი ტელევიზია, როგორ დაიზოგება მილიონობით ლარი და როგორ არხს მიიღებს მაყურებელი 2023 წელს

საქართველოს პირველი არხი მალე ადგილმდებარეობას შეიცვლის.

ნებართვის მიღების შემდეგ ტელევიზიის ახალი შენობის მშენებლობისთვის ტენდერი ცხადდება. გამარჯვებული კომპანია სამშენებლო სამუშაოებს იმ დიზაინის მიხედვით ჩაატარებს, რომელიც მოქალაქეების ჩართულობის შედეგად უკვე შეირჩა. 1966 წელს კოსტავას ქუჩაზე აშენებული ისტორიული შენობა მძიმე მდგომარეობაშია, ამიტომ 2023 წლიდან საქართველოს პირველი არხის ახალი მისამართი პოლიტკოვსკაიას 31 ნომერი იქნება.

ახალ შენობაში გადასვლის პარალელურად, გრძელდება ტექნიკური გადაიარაღების პროცესი, უკვე შეძენილი აპარატურა და ის ტექნიკური აღჭურვილობა, რომელიც თანამედროვე ტელევიზიის გამართულად ფუნქციონირებისთვის არის საჭირო, მშენებლობის დასრულების შემდეგ ახალ მისამართზე გადავა. საქართველოს პირველი არხი იქნება თანამედროვე და დიდ შესაძლებლობებზე მორგებული ტელევიზია.