საქართველოს პირველი არხის წარმატება ხალხური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე - Svetozar Stracina Grand Prix
საქართველოს პირველი არხის წარმატება ხალხური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე - Svetozar Stracina Grand Prix

საქართველოს პირველმა არხმა ხალხური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე – Svetozar Stracina Grand Prix – წარდგენილი სიმღერით „ხასანბეგურა“ სპეციალური პრიზი – „ხალხური მუსიკის საუკეთესო ჩანაწერი“ მოიპოვა. კონკურსი სლოვაკეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ იყო ორგანიზებული.

ხალხური მუსიკის მე-11 საერთაშორისო კონკურსში 12-მა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა, გამარჯვებულები კი გალა დაჯილდოებაზე 30 მარტს გამოვლინდნენ.

„ხასანბეგურას“ შემსრულებლები გურიის სოფელ ზემო აკეთის მცხოვრებლები და ანსამბლ „შავნაბადას“ წევრები არიან, ჩანაწერის ავტორი კი საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს ჟურნალისტი, ხალხური გადაცემების – „ჩაკრულო“ და „ტრადიციული მუსიკა“ ავტორი და წამყვანი დავით ცინცაძეა, ხმის რეჟისორები – რამაზ ჭურაძე და ბაკო ხვიჩია.

ნიმუში ჩაწერილია ხუხუნაიშვილებთან დაკავშირებული ექსპედიციის დროს ზემო აკეთში, ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის იუბილეზე, სუფრასთან.