საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ნიკა მუხიგულაშვილი დაკავების ოქმს ასაჩივრებს
საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ნიკა მუხიგულაშვილი დაკავების ოქმს ასაჩივრებს.
როგორც საქართველოს პირველი არხის იურისტი ელენე მიხაილოვა აცხადებს, საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი არ ეთანხმება დაკავების ოქმს და მიაჩნია, რომ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას მისი მხრიდან რაიმე ტიპის სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია.
„ნიკა მუხიგულაშვილი მიიჩნევს, რომ მისი მხრიდან რაიმე ტიპის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ამ ეტაპზე გასაჩივრებულია ადმინისტრაციული დაკავების ოქმი და დაველოდებით სამართალდამცავი ორგანოების გადაწყვეტილებას“, – აცხადებს ელენე მიხაილოვა.
საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ნიკა მუხიგულაშვილი დღეს, გამთენიისას საკუთარი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამართალდამცველებმა დააკავეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ნიკა მუხიგულაშვილმა შსს-ს შენობა რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ დატოვა. დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ მან დეტალურად გაიხსენა ინციდენტი, რა დროსაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.