საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტმა, რომელიც სამართალდამცველებმა სცემეს, შსს-ს შენობა დატოვა
საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტმა, რომელიც სამართალდამცველებმა სცემეს, შსს-ს შენობა დატოვა

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტმა, ნიკა მუხიგულაშვილმა, რომელსაც სამართალდამცველებმა სცემეს, რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ შსს-ს შენობა დატოვა.

დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ მან დეტალურად გაიხსენე ინციდენტი, რა დროსაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

,,კოსტავას გამზირზე, ვარაზისხევის მოპირდაპირე მხარეს სამართალდამცველები კორპუსებში ეძებდნენ აქციის მონაწილეებს, რომლებმაც მანქანა გადააყირავეს და მათ, ვინც დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს. ამ დროს, მე და ჩემი ოპერატორი დავით ცირეკიძე ვიმყოფებოდით სამართალდამცველებთან ერთად, შევედით სადაც ეს ადამიანები დაიმალნენ და ვიღებდით კადრებს. თავდაპირველად პოლიციამ გვითხრა, რომ კადრების გადაღების უფლება არ გვქონდა, მაგრამ შევთანხმდით, რომ ამ კადრებს შორიდან გადავიღებდით. შემდეგ სიტუაცია დაიძაბა; შორს წავიდნენ თან გავყევით და ამასობაში მოგვიახლოვდა რამდენიმე სამართალდამცველი და სამოქალაქო პირიც. მოვიდნენ და გვაიძულებდნენ, გადაღებული მასალა წაგვეშალა, მაგრამ ვუთხარით, რომ მასალას არ წავშლიდით. დაიწყეს კამერაზე ხელის მოკიდება, ჩართვის აპარატის გამოწევა და ცდილობდნენ ჩიპი ამოეღოთ, რისი საშუალებაც არ მივეცით. გვქონდა შელაპარაკება, თუმცა ჩემი მხრიდან არანაირ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. იცოდნენ, რომ ჟურნალისტი ვიყავი, მაგრამ დაიწყეს ფიზიკური შეურაცხყოფა. დაახლოებით 4-5 ადამიანი მირტყამდა, საბოლოოდ დამაკავეს და გადმომიყვანეს განყოფილებაში.

უწყებაში გამომკითხეს, რასთან დაკავშირებით დაიწყო შელაპარაკება. გამომძიებლებმაც აღნიშნეს, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმა ხშირი არ არის და გაუკვირდათ კიდეც, რომ ჩემზე ფიზიკურად იძალადეს, მივაწოდე ინფორმაცია და მითხრეს, რომ დამიკავშირდებიან”, – განაცხადა ნიკა მუხიგულაშვილმა.

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ნიკა მუხიგულაშვილი დღეს, გამთენიისას დააკავეს.

დატოვე კომენტარი