საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი გენო ოსიყმაშვილი ტერიტორიული რეზერვის პროგრამას შეუერთდა [ვიდეო]
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიური რეზერვის პროგრამას განაგრძობს. ტერიტორიულ რეზერვს კიდევ ერთი ბატალიონი შეემატა. მე-20 კადრირებული ბრიგადის 204-ე ბატალიონი პირველად ჩამოყალიბდა და ქვემო ქართლის რეგიონის რეზერვისტებით დაკომპლექტდა. თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ბატალიონის რეზერვისტთა პირად შემადგენლობაში ერთი ოჯახის სამი წევრი – დედა, მამა და შვილი მსახურობს.
ამასთან, ტერიტორიულ რეზერვს შეუერთდა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი გენო ოსიყმაშვილიც.
მე-20 კადრირებული ბრიგადის 202-ე და 204-ე ბატალიონების რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი პალდოს საწვრთნელ ბაზაზე დადეს. რეზერვში ჩარიცხვა მათ საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ მიულოცა და ქვეყნის სამსახურში წარმატებები უსურვა.
ფიცის დადების ცერემონიას ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტის მერებიც დაესწრნენ. რეზერვისტების დისლოკაციის ადგილი მხარდამჭერი ცენტრი „კრწანისი“ იქნება. წლის განმავლობაში ინტენსიური საბრძოლო მომზადება მოიცავს 45 დღემდე პერიოდს, რომელიც თანაბრად განაწილდება 12 თვეზე.
აღნიშნული მომზადების კურსის მთავარი ამოცანა რეზერვისტისთვის ქვედანაყოფის საველე შეკრებებზე რეალური საბრძოლო უნარების შესწავლაა. ტერიტორიული რეზერვის გავლის პერიოდში მოქალაქეები ისარგებლებენ სამედიცინო მომსახურებით, ასევე უზრუნველყოფილნი იქნებიან სოციალური და სამართლებრივი დაცვით.
რაც შეეხება სტუდენტებს, სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილად ჩაეთვლებათ. რეზერვში მიღება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია.
ტერიტორიულ რეზერვში მიიღებიან თბილისის, მცხეთის, კახეთის, იმერეთის, სამეგრელოს, აჭარის, გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები 18-დან 51 წლის ჩათვლით, მათ შორის სტუდენტები, 18-დან 22 წლის ჩათვლით.