ლევან იზორია - რეზერვის ახალი კონცეფცია ადაპტირებულია ქართულ რეალობასთან
ლევან იზორია - რეზერვის ახალი კონცეფცია ადაპტირებულია ქართულ რეალობასთან

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აცხადებს, რომ ტოტალური თავდაცვის კონცეფცია და რეზერვის ახალი პროგრამა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა.

„ხშირად ვსაუბრობთ ტოტალური თავდაცვის კონცეფციაზე, რაც ქვეყნის თავდაცვითი ამოცანებისთვის მთელი ეროვნული რესურსების მობილიზებას გულისხმობს. ეროვნულ ძალებში თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, რომელიც თავდაცვით მიმართულებაზე მთავარი პასუხისმგებელი ორგანოა, სხვა უწყებებიც იგულისხმება და ეს რასაკვირველია, დღის წესრიგში უწყებათაშორის თანამშრომლობას აყენებს“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ტოტალური თავდაცვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, წელს უპრეცედენტოდ მასშტაბური უწყებათაშორისი სწავლება „დიდგორი“ გაიმართება, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, სამოქალაქო ჩართულობის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი ახალი რეზერვის კონცეფციაა, რომელიც ადაპტირებულია ქართულ რეალობასთან.

„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ რეზერვის ახალ პროექტთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში მაქსიმალური, მათ შორის მრავალპარტიული მხარდაჭერა მივიღეთ. საპილოტე პროექტის სახით ტერიტორიული რეზერვის ამოქმედებას 15 ოქტომბერს ვიწყებთ“, – განაცხადა მინისტრმა.

ლევან იზორიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებობს ოფიციალური დოკუმენტი, სადაც ამერიკელი ექსპერტები რეზერვის პროექტის საკანონმდებლო ინიცირების, საკანონმდებლო მუშაობის შემდგომ შერჩევის პროცედურებსა და მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს დადებითად აფასებენ.

„დარწმუნებული ვართ, რომ აღნიშნული საპილოტე პროექტი ერთი წლის თავზე წარმატებით დასრულდება, რაც მოგვცემს საფუძველს, სპექტრი უფრო გავაფართოვოთ და ტოტალური თავდაცვის უზრუნველყოფის მიზნით საზოგადოების ჩართულობა მაქსიმუმამდე გავზარდოთ“.

რეზერვის კონცეფცია ორი სახის იქნება, აქტიური და სამობილიზაციო. აქტიური სარეზერვო სამსახური საპილოტე პროექტის სახით 15 ოქტომნრიდან ამოქმედდება. აქტიური რეზერვისგან განსხვავებით, სამობილიზაციო რეზერვი სავალდებულო იქნება.

კანონპროექტის მიხედვით, სამობილიზაციო რეზერვში 18-დან 60-წლამდე მოქალაქეები ჩაირიცხებიან და ისინი შრომის ანაზღაურებას მხოლოდ გაწვევის შემთხვევაში მიიღებენ.