საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ანა ფაცია რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოკითხვაზე იმყოფება
საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ანა ფაცია რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება.
ანა ფაციამ გამოძიებას 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე მასსა და ოპერატორ ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებულ სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობაზე უნდა მიაწოდოს ინფორმაცია.
„საგამოძიებო უწყებას უნდა მივაწოდო ინფორმაცია 5 ივლისის აქციაზე მე და ჩემი ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ ძალადობაზე, თუ როგორ შეგვიშალეს ხელი საქმიანობის დროს. იმედი მაქვს, მოხდება სწრაფი რეაგირება. ჯერჯერობით, აღნიშნულთან დაკავშირებით არაფერი უთქვამთ, თუმცა შემიძლია, რამდენიმე პირი ამოვიცნო. ჯგუფი დაგვესხა თავს, რა დროსაც მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა“, – აღნიშნა ანა ფაციამ.
რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა 5 ივლისს ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიული ქმედებები განახორციელეს, რის შედეგადაც დაშავდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ილია თვალიაშვილი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2, 156-ის მე-2 ნაწილის „ა“ და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
ოფიციალური ინფორმაციით, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლისა და ძალადობის ფაქტებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებულია შვიდი პირი.