საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ანა ფაცია რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოიკითხა
საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ანა ფაცია რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, თბილისის მთავარ სამმართველოში გამოიკითხა.
ანა ფაციას განცხადებით, გამომძიებლებს 5 ივლისის აქციაზე მასსა და ოპერატორ ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
„გამომძიებლებს ჰქონდათ კითხვები, კონკრეტულად რა ფიზიკური დაზიანებები მივიღეთ, რა მოხდა. ყველა ინფორმაცია მივაწოდე. ასევე, ვუთხარი, რომ შემიძლია სამი პიროვნების ამოცნობა. ამოცნობაზე ცალკე უნდა დამიბარონ. ამის შემდეგ გადაწყდება, მომანიჭებენ თუ არა დაზარალებულის სტატუსს. სიტყვიერად გამომკითხეს, მივაწოდე ვიდეომასალა, მოვუყევი, როგორ დაგვესხნენ თავს მე და ჩემს ოპერატორს. ჩვენ მიმართ დაპირისპირება თავიდან დაიწყო პარლამენტის წინ, ორი ადამიანი მოვიდა, მოგვაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, გვემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით, გვაფურთხებდნენ, რა დროსაც შემოგვესმა ხმაური და იქით გადავინაცვლეთ გადასაღებად, გავიქეცით, უკან გამოგვედევნენ. ამ დროს მოხდა ჩემ მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება. რამდენჯერმე ჩამარტყეს დროშის ტარი ფეხებში და გვესროდნენ ბოთლებს, რაღაც ნივთებს. შემდეგ ნახეთ, რაც მოხდა, თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩემს ოპერატორს“, – აღნიშნა ანა ფაციამ.
რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა 5 ივლისს ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიული ქმედებები განახორციელეს, რის შედეგადაც დაშავდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ილია თვალიაშვილი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2, 156-ის მე-2 ნაწილის „ა“ და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლისა და ძალადობის ფაქტებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებულია 12 პირი.