საქართველოს პირველი არხი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეს შეუერთდა
საქართველოს პირველი არხი სხვადასხვა აქტივობით აქტიურად არის ჩართული ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაში. უკვე მეოთხე წელია, 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა, ტრადიციულად, წითლად ნათდება.
გარდა ცნობიერების ამაღლების მიმართულებით მუშაობისა, მაუწყებელი თავად დგამს აქტიურ და ქმედით ნაბიჯებს, იქნება ეს აქტუალური საკითხების გაშუქება თუ ორგანიზაციული გადაწყვეტილებები.
საზოგადოებრივი მაუწყებლის თითქმის ყველა გადაცემაში ინტეგრირებულია გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის საკითხი. მიმდინარე გადაცემებში შუქდება ამ მიმართულებით აქტუალური და პრობლემური თემები, ასევე საუკეთესო მაგალითები, წარმატების ისტორიები.
გოგონებისთვის კარგი განათლების მიცემა და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფაა მათი გაძლიერების წინაპირობა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პირველმა არხმა უზრუნველყო ორგანიზაციის ბაზაზე ვიდეოოპერატორის სტაჟირების პროგრამაში გოგონების ჩართვა; ამ შემთხვევაში მიზანი სწორედ გენდერულად სტერეოტიპულ პროფესიებში ქალების დასაქმების წახალისებაა.
2020 წელს მაუწყებელმა პრაქტიკაში დანერგა ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) გენდერული ჯგუფის მიერ შემუშავებული დოკუმენტი All Things Being Equal, რომელიც, 11 ქვეყნის წარმომადგენლის ჩართულობით, გენდერული ჯგუფის თავმჯდომარის, თინათინ ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით შეიქმნა.
გენდერული ბალანსის დასაცავად, საქართველოს პირველი არხი BBC-სთან თანამშრომლობით პროექტს „50:50“-ზე ახორციელებს, რაც მიზნად ისახავს, უახლოეს წლებში მივაღწიოთ გენდერულ ბალანსს ეთერში – რადიოსა და ტელევიზიაში, ასევე ონლაინპლატფორმაზე. ამჟამად პროექტს 20 ქვეყანაში 70 ორგანიზაცია ახორციელებს. BBC-სთან ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში, აღნიშნული პროექტი საქართველოს პირველ არხზე რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელდება.
2022 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმი დამტკიცდა, რომელზეც საქართველოს პირველი არხის გუნდმა და UN Woman-ის წარმომადგენლებმა ერთობლივად იმუშავეს. დოკუმენტი მიზნად ისახავს დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროების შესახებ თანამშრომლების ცნობიერების ამაღლებას, ორგანიზაციაში მსგავსი ფაქტების პრევენციას და მოიცავს მექანიზმს შესაბამისი რეაგირებისათვის.