საქართველოს პირდაპირი ავიამიმოსვლა ამ დროისთვის 39 ქვეყანასთან აქვს
საქართველოს პირდაპირი ავიამიმოსვლა ამ დროისთვის 39 ქვეყანასთან აქვს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველმა არხმა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან გამოითხოვა.
36 ქვეყანაში სრულდება რეგულარული, 10 ქვეყანაში კი, მრავალჯერადი ჩარტერული რეისები. მათ შორის რამდენიმე ქვეყნის მიმართულებით როგორც რეგულარული, ისე არარეგულარული ფრენები ხორციელდება.
2019 წელს რეგულარული საჰაერო მიმოსვლა პირველად დაიწყო შვეიცარიაში, დანიაში, უზბეკეთსა და მალტაში.
2020 წელს სიას შვედეთი და ფინეთი დაემატება, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენების დაწყებას ავიაკომპანია „ვიზეარი“ გეგმავს. ასევე, ქართულ ბაზარზე შემოსვლას ინდური ავიაკომპანია Indigo აპირებს, რომელიც დელი-თბილისის საჰაერო ხაზზე დაიწყებს ოპერირებას.
რამდენიმე დღის წინ ქართულმა დელეგაციამ პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების მიზნით მოლაპარაკებები გამართა ამერიკის შეერთებულ შტატებში.