საქართველოს პარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომა გაიხსნება
საქართველოს პარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომა გაიხსნება

საქართველოს პარლამენტი ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეშვიდე სხდომას უმასპინძლებს. ორდღიანი სესია თბილისში დღეს გაიხსნება.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციები საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარეების, თამარ ხულორდავასა და საჯად კარიმის ხელმძღვანელობით.

მათივე ცნობით, კომიტეტი განიხილავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს, ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების მიმდინარეობას, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ პროგრესსა და გამოწვევებს, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელებას და მის ზეგავლენას ეკონომიკასა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, გარემოს დაცვის საკითხებს, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პროცესს, ოკუპირებული ტერიტორიებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მიმართულ ძალისხმევას.

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებთან დაკავშირებით კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით წარდგებიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი. კომიტეტის განსახილველ თემატურ საკითხებზე ისაუბრებენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ორდღიანი მუშაობის ბოლოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი კენჭს უჭრის ერთობლივ განცხადებას და რეკომენდაციებს, რის შემდეგაც ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარეების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეშვიდე სხდომის გახსნამდე, დელეგაციის წევრებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შეხვდება.

ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტის დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ არჩილ თალაკვაძესთან, საპარლამენტო უმცირესობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი (EU-Georgia Parliamentary Association Committee) საქართველოს პარლამენტის წევრებისა და ევროპარლამენტის წევრებისაგან შედგება. ეს ორგანო ერთ-ერთია იმ ინსტიტუციური ჩარჩოდან, რომელსაც ასოცირების შეთანხმება ადგენს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობისთვის, აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოქმედი ასოცირების საბჭოსა და ასოცირების კომიტეტებთან ერთად. ასოცირების შეთანხმების თანახმად (კარი VIII, თავი I, მუხლი 410), ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი ხელს უწყობს საპარლამენტო დიპლომატიის განვითარებას და ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის კავშირის განმტკიცებას. მისი მთავარი მიზანია ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ზედამხედველობა და საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის ხელშეწყობა. კომიტეტის სხდომები იმართება წელიწადში ორჯერ, მონაცვლეობით, თბილისსა და ბრიუსელში.