საქართველოს პარლამენტს აზარტულ და მომგებიან თამაშობებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები წარედგინა
საქართველოს პარლამენტს აზარტულ და მომგებიან თამაშობებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები წარედგინა

საქართველოს პარლამენტს აზარტულ და მომგებიან თამაშობებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები წარედგინა. პროექტის ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება.

საკანონმდებლო ცვლილებები აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობისთვის ასაკობრივი ზღვარის გაზრდას ითვალისწინებს. კერძოდ, 25 წლამდე ასაკის პირთა (18 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის) თამაშში მონაწილეობა აკრძალული იქნება. ასევე, დამოკიდებულ პირთა სიისა და აკრძალულ პირთა სიის შექმნა მოხდება. კერძოდ, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ პირი თავისი განცხადების საფუძველზე მოითხოვს დამოკიდებულ პირთა სიაში მისი მონაცემების შეტანას, ასევე მისი ოჯახის წევრი უფლებამოსილი იქნება, სასამართლოს წესით მოითხოვოს პირის მონაცემების რეესტრში შეტანა. ამასთან, განისაზღვრება აკრძალულ პირთა წრეც და აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობა აეკრძალებათ – საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს,

მარეგულირებელ ორგანოებში დასაქმებული პირებს, ეროვნულ ბანკში დასაქმებული პირებს და ასევე სოციალურად დაუცველ მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრებს. ზემოთ აღნიშნულის გარდა, ცვლილებებით იკრძალება – მოთამაშის მიერ სხვა მოთამაშის სათამაშო ანგარიშებზე თანხის გადარიცხვა/გადატანა. ამ მიმართულებით, სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორისთვის სავალდებულო იქნება, ყოველწლიურად მოთამაშეთა ხელახალი ვერიფიკაციის განხორციელება და სათამაშო ბიზნესის ორგანიზატორს განესაზღვრა თამაშობის მოწყობის ადგილზე შესულ პირთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ცვლილებების შედეგად, დაახლოებით 1 000 000 ფიზიკურ პირს აეკრძალება აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის მიღება.

ცვლილებების ინიციატორები უმრავლესობის წევრები დავით სონღულაშვილი, ლევან მგალობლიშვილი, გელა სამხარაული, გოჩა ენუქიძე, ბეჟან წაქაძე, ელგუჯა გოცირიძე და დაჩი ბერაია არიან. მათი განმარტებით, დღის წესრიგში დადგა სახელმწიფოს მხრიდან ისეთი აუცილებელი რეგულაციების შემოღება და ღონისძიებების გატარება, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების საჯარო ინტერესების დაცვას და სოციალური ფონის გაუმჯობესებას.