პარტიამ „საქართველოსთვის“ მოამზადა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში წარსადგენ ნათესავთა წრის გაფართოებას ითვალისწინებს
პარტიამ „საქართველოსთვის“ მოამზადა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში წარსადგენ ნათესავთა წრის გაფართოებას ითვალისწინებს

მოვამზადეთ საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკური თანამდებობის პირთა მიერ შევსებულ დეკლარაციაში წარსადგენ ნათესავთა წრე ფართოვდება და სავალდებულო იქნება, მათ შორის მშობლებისა და დედმამიშვილების შემოსავლების, ქონების დეკლარირება, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს პოლიტიკაში კორუფციას შეამცირებს.

„პოლიტიკური თანამდებობებით გამდიდრებული, პოლიტიკურ კორუფციაში ჩაფლული ჩინოვნიკების მიერ მოპარული ფულის დამალვის საშუალება ამ ფულის სხვადასხვა ნათესავზე, მათ შორის მშობლებზე გადაფორმებაა. სწორედ ამ ხერხის გამოყენებით ქვეყანაში ღარიბაშვილის მამისა და სააკაშვილის დედის ფენომენი გვაქვს. ფულის მოპარვის და შემდეგ მოპარული ფულის გადამალვის პრაქტიკით „ქართული ოცნება“ სრულად „განაცდა“. მოპარული ფული მოქალაქეთა მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხებია, რომელიც არავის პერსონალურ ინტერესს არ უნდა ხმარდებოდეს. იმისთვის, რომ პოლიტიკური კორუფციის შედეგად მოპარული ფულის გადამალვის შესაძლებლობა მაქსიმალურად შეიზღუდოს, საკანონმდებლო ინიციატივა მოვამზადეთ, რომლის მიხედვით, პოლიტიკური თანამდებობის პირთა მიერ შევსებულ დეკლარაციაში წარსადგენ ნათესავთა წრე ფართოვდება და სავალდებულო იქნება, მათ შორის მშობლებისა და დედმამიშვილების შემოსავლების, ქონების დეკლარირება. მოქმედი კანონით, დეკლარაცია შეეხება თანამდებობის პირების ოჯახის წევრებს, ხოლო ოჯახის წევრებში იგულისხმება ერთ ჭერქვეშ მუდმივად მცხოვრები პირი. მშობლები დეკლარაციაში მხოლოდ იმ შემთხვევაში შედიან, თუ დეკლარაციის შემვსებ პირთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ. მომზადებული ინიციატივა ირაკლი ღარიბაშვილის მამისა და მიხეილ სააკაშვილის დედის ფენომენს შეასუსტებს“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.