საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაში მონაწილეობს
სტრასბურგში 21-24 ივნისს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესია გაიმართება. როგორც პარლამენტის ვებგვერდზეა აღნიშნული, სესიის მუშაობაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები ირაკლი ჩიქოვანი და თამარ ტალიაშვილი მონაწილეობენ.
ასამბლეას სიტყვით მიმართავს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი. დღის წესრიგით ასევე გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევა და თავისუფალი დებატები სტამბოლის კონვენციის შესახებ.
პლენარული სესიის ფარგლებში დაგეგმილია დეპუტატების გამოსვლა დებატებზე, ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა დელეგაციის ხელმძღვანელთან და ორგანიზაციის თანამდებობის პირებთან.
საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი, რომელმაც ამ პოზიციაზე დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი, კახა კუჭავა ჩაანაცვლა, მუშაობას ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე დღეიდან შეუდგება.