საქართველოს პარლამენტის დელეგაცია პეკინში ჩინეთის განათლების მინისტრის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის განათლებისა დამეცნიერების კომიტეტის წევრებმა ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართეს ჩინეთის განათლების მინისტრის მოადგილესთან, ჩენ ძიესთან და საერთაშორისო თანამშრომლობაზე პასუხისმგებელ დეპარტამენტის დირექტორთან.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ ყურადღება გაამახვილა ორი ქვეყნის განათლებასა და მეცნიერებაზე პასუხისმგებელ მინისტრებს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში ხელმოწერილ შეთანხმებაზე.
მან კომიტეტის მხრიდან მხარდაჭერა დააფიქსირა ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებასა და გაღრმავებასთან დაკავშირებით. განხილვის საგანი იყო საქართველოსა და ჩინეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებს შორის უმაღლესი სასწავლებლების დიპლომების აღიარებასთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმების დაჩქარების საკითხი, აგრეთვე უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობისა და ერთობლივი პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა.
ჩინურმა მხარემ აღნიშნა, რომ შეთანხმების პროექტთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადებების შეჯერებული ვერსია წარდგენილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის. ჩინეთის განათლების მინისტრის მოადგილემ ქართულ დელეგაციას განუცხადა, რომ როგორც კი ტექსტი შეთანხმდება და მიიღებენ ქართული მხარის პოზიციას, მზად არიან, მოკლე ვადაში შეთანხმება გააფორმონ.
შეხვედრის დასასრულს მხარეები აქტიურ კომუნიკაციასა და თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ტურძელაძე.
დელეგაციის შეხვედრას ესწრებოდა ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ბესარიონ შარაშენიძე.