საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა განწესების გადაწყვეტილებას მიმდინარე სესიაზე არ მიიღებს
საქართველოს პარლამენტი მიმდინარე სესიაზე არ მიიღებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განწესების გადაწყვეტილებას, ამ საკითხს პარლამენტი მიუბრუნდება საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„როგორც მოგეხსნებათ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ასარჩევად წარუდგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან დასაბუთებული იყო სასამართლოს შემადგენლობის შევსების საჭიროებით. როგორც მოგეხსენებათ, ამჟამად უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილია 28-დან მხოლოდ 10 მოსამართლე, რაც ხელს უშლის საქმეთა დროულ განხილვასა და გადაწყვეტას.
სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მიერ გამოითქვა სურვილი, კანდიდატების შერჩევა განხორციელდეს წინასწარ გაწერილი პროცედურისა და კრიტერიუმების შესაბამისად.
აღნიშნულის გათვალისწინებით და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დღეს გაცხადებული პოზიციის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი მიმდინარე სესიაზე არ მიიღებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განწესების გადაწყვეტილებას. ამ საკითხს პარლამენტი მიუბრუნდება საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლოს შემადგენლობის დროული შევსება მაღალკვალიფიციური კადრებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებმა დღეს განცხადება გაავრცელეს.
„იუსტიციის უმაღლესი საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შეარჩია ღირსეული კანდიდატები კეთილსინდისიერების, კომპეტენტურობის და სამოსამართლეო გამოცდილების გათვალისწინებით. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არასწორია შეხედულება, თითქოს ჩვენ ვემხრობით საკითხის ფორსირებულ რეჟიმში – მიმდინარე წლის ბოლომდე განხილვას. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული საკითხი საქართველოს პარლამენტმა უნდა განიხილოს სრულყოფილი და საფუძვლიანი შესწავლის შემდგომ, რაც ცხადია, საჭიროებს გონივრულ ვადებს და შესაბამის პროცედურებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.