იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები აცხადებენ, რომ უზენაესი სასამართლოსთვის ღირსეული კანდიდატები შეარჩიეს
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესში საბჭომ იმოქმედა საქართველოს ახალი კონსტიტუციით და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში.
„გვინდა განვმარტოთ ვითარება, რომელიც შექმნილია საქართველოს უზენაეს სასამართლოში. ამჟამად უზენაეს სასამართლოში ათი მოსამართლეა, მაშინ როდესაც მათი რიცხვი საქართველოს კონსტიტუციის თანახმად მინიმუმ 28 უნდა იყოს. მაგალითად, სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ერთადერთი მოსამართლეა, რომელსაც 300-ზე მეტი საქმე აქვს და კოლეგიურ განხილვაში სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეები ეხმარებიან. ასევე მძიმე ვითარებაა ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, სადაც თითო მოსამართლის დატვირთვა 300 საქმეს აჭარბებს. შესაბამისად ცხადია, რომ ვითარება არის კრიზისული. ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ უზენაეს სასამართლოს გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაეკისრა. ეს იყო წინაპირობა იმის, რომ მიგვეღო გადაწყვეტილება იმ მოსამართლეების საჭირო რაოდენობის წარდგენაზე, რომელიც აუცილებელია იმისთვის რომ უზენაეს სასამართლოში არ შეფერხდეს მართლმსაჯულების განხორციელება”, – აღნიშნულია განცხადებით.
როგორც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლე წევრები აცხადებენ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები შეირჩა კეთილსინდისიერების, კომპეტენტურობის და სამოსამართლეო გამოცდილების გათვალისწინებით.
„იუსტიციის უმაღლესი საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შეარჩია ღირსეული კანდიდატები კეთილსინდისიერების, კომპეტენტურობის და სამოსამართლეო გამოცდილების გათვალისწინებით. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არასწორია შეხედულება თითქოს ჩვენ ვემხრობით საკითხის ფორსირებულ რეჟიმში – მიმდინარე წლის ბოლომდე განხილვას. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული საკითხი საქართველოს პარლამენტმა უნდა განიხილოს სრულყოფილი და საფუძვლიანი შესწავლის შემდგომ, რაც ცხადია, საჭიროებს გონივრულ ვადებს და შესაბამის პროცედურებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კენჭისყრის შედეგად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 10-კაციანი სია გაასაჯაროვა. ესენი არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე. ამ კანდიდატურებს დასახელებას პარლამენტის დეპუტატებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.