საქართველოს ნატო-ს სამხედრო კომიტეტი ეწვია.
ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლების ვიზიტს კომიტეტის თავმჯდომარე, ადმირალი რობ ბაუერი ხელმძღვანელობს.
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს დელეგაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები, საპატიო ყარაულის თანხლებით დახვდნენ.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია. ნატო-ს სამხედრო კომიტეტი პირველად ეწვია საქართველოს 2019 წლის მარტის შემდეგ. სამხედრო კომიტეტის ახალი თავმჯდომარისთვის, ადმირალ ბაუერისთვის ეს არის პირველი ვიზიტი საქართველოში. ეს ვიზიტი ხორციელდება ჩვენი აქტივობების ძალიან დატვირთული კალენდრის და საქართველოსა და ნატო-ს შორის ძალიან აქტიური დიალოგის ფარგლებში. ნატო-სთვის საქართველო არის უნიკალური პარტნიორი. ეს ვიზიტი არის შესაძლებლობა, განვაახლოთ დისკუსია რეგიონული უსაფრთხოების საკითხზე, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, ვიხილოთ ქართული ჯარის ტრანსფორმაცია და განვიხილოთ, თუ როგორ შეუძლიათ საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობის გაგრძელება“, – განაცხადა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როზარია პუგლისმა.
ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც ნატო-ს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლები დეტალურად გაეცნობიან რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. ერთობლივ სხდომაზე თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესზე, ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო პრიორიტეტებზე, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების პოლიტიკაზე იმსჯელებენ.
დაგეგმილია ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის მაღალი რანგის ორმხრივი შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებთან, სადაც თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და ნატო-სთან სამხედრო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრებენ.
ნატო-ს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლები ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც (JTEC) ესტუმრებიან, სადაც ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად მოწყობილ თავდაცვის ძალების საწვრთნელ შესაძლებლობებს, ახალ ინფრასტრუქტურასა და სისტემებს გაეცნობიან.