საქართველოს ნატო-ს პარტნიორობისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტის წევრები ეწვივნენ
საქართველოში ორდღიანი ვიზიტით ნატო-ს პარტნიორობისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტი (PCSC) იმყოფება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივმა ცენტრმა (JTEC) თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე უწყებათაშორის შეხვედრას უმასპინძლა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მონაწილეობით.
ნატო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა. სხდომის ფარგლებში, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებმა მიმოიხილეს და კომიტეტის წევრებს ინფორმაცია მიაწოდეს რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების რთულ გარემოსა და მზარდ გამოწვევებზე, თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის რეფორმებზე და გამოწვევების გათვალისწინებით, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნატო-ს მადრიდის სამიტზე „საქართველოსთვის მორგებული მხარდაჭერის დოკუმენტის“ განხორციელებას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გაძლიერების გზით, რაც თავდაცვის შესაძლებლობების კიდევ უფრო განმტკიცებასა და მოკავშირეთა მხრიდან ქმედითი ღონისძიებების გატარებას მოიაზრებს.
როგორც თავდაცვის უწყებაში აღნიშნავენ, საქართველო პირველად მასპინძლობს ნატო-ს პარტნიორობისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტს. სამინისტროს განცხადებით, ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატო-ს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.