ივნისში დაგეგმილი ამხანაგური შეხვედრებისთვის საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ავსტრიაში მზადებას აგრძელებს.
მალტასთან შეხვედრისთვის 23 ფეხბურთელი ემზადებოდა, თუმცა ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ამ მატჩებში გუნდს ვლადიმერ დვალიშვილი ვერ დაეხმარება – ისრაელის კლუბ აშქელონის “ჰაპოელის” 32 წლის თავდამსხმელი ტრავმის გამო ვერ ვარჯიშობს.
კიდევ ერთი ფეხბურთელის საკითხია გასარკვევი – შეძლებს თუ არა ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობას გიორგი ჩაკვეტაძე, თამაშამდე გაირკვევა. “გენტის” 18 წლის ქართველი ლეგიონერი მაისის დასაწყისში ბელგიის ჩემპიონატში დაშავდა. მართალია, იმკურნალა და სეზონის ბოლო თამაშიც ჩაატარა, მაგრამ ტრავმამ კვლავ თავი შეახსენა და ამის გამო, სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობს.
საქართველოს ნაკრები მალტასთან მატჩისთვის 22 მოთამაშის შემადგენლობით ემზადება:
მეკარეები: გიორგი მაკარიძე (რიუ ავე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ზაურ მახარაძე (ოლიმპიკი, დონეცკი)
მცველები: გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლევან გეგეჭკორი (რუსთავი) საბა კვირკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (უგუნდო), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ლევან ხარაბაძე (დინამო თბილისი)
ნახევარმცველები: გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო, თბილისი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ბექა ვაჩიბერაძე (რიგასი, ლატვია), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ტრნავას სპარტაკი, სლოვაკეთი), გიორგი ხარაიშვილი (გიოტებორგი, შვედეთი)
თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ბუდუ ზივზივაძე (დინამო, თბილისი), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი).