საქართველოს ნაკრებმა ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპი ფილიპინებთან გამარჯვებით დაასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირზე ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი ფილიპინებთან გამართა. ალექსანდრ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით ქართველებმა პირველი ოფიციალური მატჩი მოიგეს (96:94), თუმცა ნახევარფინალში ვერ გავიდნენ.
ჯგუფში სამი გუნდი იყო, პლეი ოფის საგზურს კი ორი იღებდა. პირველ ტურში საქართველო ლატვიასთან 55:83 დამარცხდა, ხოლო მეორე დღეს მასპინძელმა ლატვიამ ფილიპინებთან 80:89 დათმო. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, ჩვენს გუნდს ფილიპინებთან 19-ქულიანი სხვაობით მოგება სჭირდებოდა. ასეთ შემთხვევაში ჯგუფიდან პირველი ადგილით ლატვია გავიდოდა, მეორეთი – საქართველო.
ფილიპინებთან მატჩი სწორედ ისე დაიწყო, როგორც ქართველი გულშემატკივარი ისურვებდა და როგორც ალექსანდრ ჯიკიჩი გეგმავდა. საწყის წუთებზე კალათბურთელები მოედანზე განსაკუთრებული მობილიზებით გამოვიდნენ და 14:0 დაწინაურდნენ კიდეც. ფილიპინელებს შეტევაში არაფერი გამოსდიოდათ, დაცვაში კი ვერაფერს უხერხებდნენ ტანმაღალ ბითაძეს, მამუკელაშვილსა და შენგელიას. პირველ ტაიმში იყო მომენტი, საქართველოს ნაკრები 20 ქულითაც იგებდა…
მესამე ათწუთეულში კი საქართველოს ნაკრებმა ვერც ფილიპინელების სწრაფი შეტევები შეაჩერა, ვერც პერიმეტრიდან ტყორცნებში შეუშალა ხელი და მეოთხე პერიოდის წინ ანგარიში გათანაბრდა – 74:74.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრები მეოთხე პერიოდის სტარტზე წინ გავიდა, ფილიპინების 19-ქულით დასამარცხებლად ძალა აღარ ეყო. საბოლოოდ ჯგუფი სამივე გუნდმა თითო მოგებით დაასრულა, ბურთების უეთესი სხვაობით კი პირველ ადგილზე ლატვია გავიდა, მეორეზე – ფილიპინები, მესამეზე – საქართველო. ნახევარფინალში ლატვია და ფილიპინები ითამაშებენ.
კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ 17 ქულა და 6 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. სანდრო მამუკელაშვილმა 26 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი ჩაიწერა, გოგა ბითაძემ ორმაგი დუბლი შეასრულა – 21 ქულა და 10 მოხსნა.
ფილიპინების გამთამაშებელმა ბრაუნლიმ, ისევე როგორც ლატვიასთან, ამჯერადაც დიდი წვლილი შეიტანა გამარჯვებაში – 28 ქულა, 8 მოხსნა, 8 პასი.