საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი - არსებობდა საფრთხე, დმანისში მომხდარი ინციდენტი ეთნიკურ კონფლიქტში გადაზრდილიყო
დმანისში გუშინ განვითარებულ მოვლენებს აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი ეთიბარ ემინოვი და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი რამინ იგიდოვი ეხმაურებიან.
მათი განცხადებით, გუშინდელი დაპირისპირების ეთნიკურ კონფლიქტში გადაზრდის საფრთხე არსებობდა.
როგორც რამინ იგიდოვმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ახლა დაპირისპირება შეწყვეტილია, საკითხის სიღრმისეული შესწავლაა საჭირო.
„გუშინ ძალიან სამწუხარო იყო ის, რომ აღნიშნულმა ინციდენტმა გადაინაცვლა ყოფითი დონიდან უკვე სამეზობლოში, ჯგუფებში, სოფლებში, რეგიონებში და საბოლოოდ, არსებობდა საფრთხე, რომ ეს ეთნიკურ კონფლიქტშიც გადაზრდილიყო. უნდა დაისვას კითხვა – მიზეზი რა იყო აღნიშნული ინციდენტის, რატომ დასრულდა ამ შედეგით და როგორ შეიძლება შემდგომში განვითარდეს. აღმოჩნდა, რომ რეგიონში მსგავსი ინციდენტები ყოველთვის ხდებოდა, თუმცა მალევე სრულდებოდა და როგორც მოსახლეობა ამბობს, მსგავს შემთხვევებს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება არასდროს ჰქონია. არც საზოგადოებრივი რეაქცია ყოფილა და შედეგად, ადამიანებში დაგროვდა ეს ყველაფერი. გამოსავალი შერიგება იყო და ამას მივაღწიეთ.
ხშირად საზოგადოების მხრიდან არის ზემოქმედება, თუ რატომ არ დაისაჯნენ კონკრეტული პირები. რეალობა ის არის, რომ ორივე მხრიდან ადგილობრივ მოსახლეობას ჰქონდა შერიგების სურვილი, რადგან ისინი ერთად ცხოვრობენ, მეზობლად არიან. გუშინ ასევე იყო ბლაგვი საგნების გამოყენება და ერთადერთი გამოსავალი არის დამნაშავის დასჯა, თუმცა ხანდახან ცუდსა და უარესს შორის ვაკეთებთ არჩევანს.
მომავალში არაფრისგან ვართ დაზღვეული, ამიტომ ჩვენი სურვილია სხვადასხვა პროექტის გამართვა, მათ შორის ერთობლივი სადღესასწაულო ღონისძიებების, ყოფითი საკითხების განხილვა, მოსაზრებების გაცვლა“, – განაცხადა საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა.
აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა კი იმედი გამოთქვა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას შორის მიღწეულ შეთანხმებას ორივე მხარე დაიცავს.
„აუცილებელია შემდგომში როგორც ღონისძიებების გატარება, ასევე ჩვენ მზად ვართ, საპატრიარქოსთან ერთად ორივე მხარეს ველაპარაკოთ“, – აღნიშნა ეთიბარ ემინოვმა.