საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია იწყება. მთავრობის ადმინისტრაციის რეორგანიზაციის დაწყების შესახებ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის 2018 წლის 7 მაისის ბრძანება საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეორგანიზაცია სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება, რის შედეგადაც მიღებულ იქნება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა.
რეორგანიზაციის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვა ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურმა არაუმეტეს ერთი თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს, ამავე სამსახურს ევალება ბრძანების მთავრობის ადმინისტრაციის თითოეული მოხელისთვის გაცნობა.
„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულებმა უზრუნველყონ რეორგანიზაციისთვის აუცილებელი სამართლებრივი აქტების ცვლილებების მომზადება და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეორგანიზაციის შედეგად შესაქმნელი ორგანიზაციული სტრუქტურის პროექტის შემუშავება, ასევე მოქმედი კანონდებლობით გათვალისწინებული რეორგანიზაციასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების განხორციელება“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში, რომელიც შესაძლოა, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში გასაჩივრდეს.