საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა, რომელიც ხვალ გახდება ცნობილი
ხვალ გახდება ცნობილი სტანდარტები და რეგულაციები, რომელთა დაკმაყოფილება ტურიზმის სექტორში მოქმედ ყველა სუბიექტს მოუწევს. დოკუმენტის საბოლოო დეტალებზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა გამართა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, სპეციალური პრევენციული ღონისძიებები კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავდა.
სასტუმროები და განთავსების ობიექტები მუშაობის განახლების ნებართვას მხოლოდ მას შემდეგ მიიღებენ, რაც ინსპექტირებას გაივლიან და შრომის ინსპექცია შეამოწმებს მათ შესაბამისობას დადგენილ რეგულაციებთან.
„ბიზნესსუბიექტების მოსაზრებების მაქსიმალური გათვალისწინების შედეგად შემუშავდა მოთხოვნები ტურისტული ტრანსპორტისთვისაც. სარესტორნო ბიზნესის შემთხვევაში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სოციალური დისტანციის დაცვას“, – ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამუშაო შეხვედრისას ასევე განიხილეს უსაფრთხო დერეფნებთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები. აღინიშნა, რომ ამ კუთხით მუშაობა აქტიურ ფაზაშია ისრაელთან, ავსტრიასთან, ჩეხეთთან, უნგრეთთან, პოლონეთთან და ბალტიის ქვეყნებთან.
პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს დაავალა, მაქსიმალურად უზრუნველყონ ყველა იმ მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიების ეფექტური გატარება, რომელიც ორიენტირებულია, როგორც საქართველოს მოქალაქეების, ისე საერთაშორისო ვიზიტორების ჯანმრთელობის დაცვაზე.