საქართველოს მთავრობამ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
საქართველოს მთავრობამ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელი ღონისძიებების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.
გეგმის მიხედვით, განსახორციელებელი ღონისძიებები წლების მიხედვით არის გაწერილი:
უნდა მოხდეს სტამბოლის კონვენციის მოთხოვნათა და არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, შემდგომი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მომზადება და პარლამენტში წარდგენა;
ეროვნული რეფერალური მექანიზმის დამტკიცება;
სტატისტიკის წარმოების ერთიანი სტანდარტის შექმნა;
უწყებათაშორისი კომისიის მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანურ რესურსებით უზრუნველყოფა;
ასევე გადაუდებელი სიტუაციების დროს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და რეაგირების საკითხებზე მრავალ-სექტორული საკოორდინაციო ჯგუფის შექმნა და ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
2019 წლისთვის ასევე იგეგმება სტამბოლის კონვენციის მიხედვით მოსამართლეების გადამზადება;
ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე სოციალური მუშაკთა რაოდენობის ზრდა 10-30%-ით;
გეგმის თანახმად, 2018-2020 წლებში უნდა მოხდეს პოლიციელთა და
პროკურორთა სპეციალიზაციის გაძლიერება ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ( მათ შორის, წელიწადში არანაკლებ 4 ტრენინგი).
მთავრობის დადგენილების თანახმად, სახელმწიფო უწყებების/დაწესებულებების მიერ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საქმიანობების განხორციელების კოორდინაცია, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიას დაევალა.
ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 აპრილს გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.