საქართველოს მთავრობამ ლობისტურ კომპანია „ჩართველ სთრათეჯი გრუფთან“ თანამშრომლობა განაახლა
საქართველოს მთავრობამ ლობისტურ კომპანია „ჩართველ სთრათეჯი გრუფთან“ თანამშრომლობა განაახლა. ამის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე, სადაც „უცხოეთის აგენტების“ რეგისტრაცია ხდება.
„დარეგისტრირებული პირი საქართველოს მთავრობას უზრუნველყოფს საზოგადოებასთან ურთიერთობებისა საკონსულტაციო მომსახურებით. დარეგისტრირებული პირი იმუშავებს აშშ-ისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებისთვის, მხარდაჭერას გაუწევს საქართველოს მთავრობას აშშ-ის ადმინისტრაციასთან და კონგრესთან კავშირების დამყარებასა და მხარდაჭერის მოპოვებაში. ასევე საქართველოს დაეხმარება უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის მხარდაჭერის გაძლიერებაში. დარეგისტრირებული პირი ითანამშრომლებს აშშ-ის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებთან, საქართველოში აშშ-ის პირდაპირი ინვესტიციების საჭიროების საკითხზე და ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაზე. დარეგისტრირებული პირი კომუნიკაციას აწარმოებს აშშ-ისა და გლობალურ მედიასთან აშშ-ისა და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე“,- ნათქვამია აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
ხელშეკრულების ასლი, რომელიც აშშ-ის იუსტიციის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, 2020 წლის 27 იანვრით არის დათარიღებული.
ამავე კომპანიასთან შარშან გაფორმებულ ხელშეკრულებაში, რომელიც ასევე განთავსებულია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე, „ჩართველ სთრათეჯი გრუფის“ ყოველთვიურ ანაზღაურებად 65 000 დოლარია განსაზღვრული.