საქართველოს მთავრობა უსახლკარობის პრობლემის მოსაგვარებლად სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს
საქართველოს მთავრობა საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტსა და სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს. ამის შესახებ ინფორმაცია საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.
შესაბამისი ვალდებულება მთავრობამ ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში აიღო, რომელიც 12 ნოემბრის დადგენილებით არის მიღებული.
სამოქმედო გეგმაში აღნიშნულია, რომ დღეს ქვეყანაში არ არსებობს უსახლკარობის პრობლემის დაძლევის ერთიანი ხედვა და სტრატეგია, რომელიც ადგილობრივად პრობლემის ეტაპობრივ მოგვარებას დაედება საფუძვლად.
ამასთან, დოკუმენტში წერია, რომ ბუნდოვანია საკანონმდებლო რეგულაციები, მათ შორის, უსახლკარობის სტატუსის დადგენის ზუსტი მეთოდოლოგია, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებებისა და ფუნქციების გამიჯვნის ნაწილში. შესაბამისად, აუცილებელია ერთიანი, კომპლექსური ღონისძიებების გატარება, რომელიც იქნება დროში განგრძობადი და სისტემურად უზრუნველყოფს ხარვეზების აღმოფხვრას.
გეგმის თანახმად, ამ საკითხებზე სამუშაოდ, მომავალი წლის მარტამდე უნდა შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია ან საბჭო, საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტზე მუშაობა კი 2019 წლის ივლისში უნდა დაიწყოს და 2020 წლის დეკემბრისთვის დასრულდეს. 2021 წლის სექტემბრისთვის უნდა მოხდეს საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის დასამტკიცებლად წარდგენა.
აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიმართულებით წამყვან უწყებად განისაზღვრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ხოლო პარტნიორ უწყებებად – რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, მუნიციპალიტეტები და საქართველოს პარლამენტი.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) შეფასებით, რომელიც აღნიშნულ საკითხს ადვოკატირებას უწევდა, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამოქმედო გეგმით საქართველოს მთავრობამ ამ სფეროში კონკრეტული ვალდებულებები აიღო.
„EMC მიიჩნევს, რომ აღნიშნული ვალდებულებების სამოქმედო გეგმაში ასახვა მნიშვნელოვანი ნაბიჯია სახელმწიფოს მხრიდან უსახლკარობის პრობლემის აღიარების, მისი მასშტაბების შეფასებისა და შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების მიმართულებით, რომელსაც განგრძობადი ხასიათი ექნება და სისტემურად და ეტაპობრივად აღმოფხვრის არსებულ ხარვეზებს,“ – აცხადებენ ორგანიზაციაში.