საქართველოს მთავრობა - პანდემიის შედეგად, წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საერთაშორისო ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავლები 26 პროცენტით შემცირდა
საქართველოს მთავრობა - პანდემიის შედეგად, წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საერთაშორისო ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავლები 26 პროცენტით შემცირდა

საქართველოს მთავრობის ცნობით, „კოვიდ-19“-ის პანდემიის შედეგად, 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საერთაშორისო ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავლები, წინა წელთან შედარებით, 26 პროცენტით შემცირდა.

მთავრობა პარლამენტისთვის წარდგენილ წლიურ ანგარიშში აღნიშნავს, რომ 2020 წელს მოსალოდნელია მომსახურების ექსპორტის 55-პროცენტიანი კლება, სადაც გათვალისწინებულია საერთაშორისო ვიზიტორებიდან მიღებული შემოსავლების შემცირება დაახლოებით 70 პროცენტით. მთავრობა განმარტავს, რომ პანდემიამდე პერიოდში ტურიზმი ეკონომიკის ერთ-ერთი სწრაფად მზარდი სექტორი იყო, რომლის წილი მშპ-ში 11.5 პროცენტს შეადგენდა, ხოლო ინდუსტრიაში დასაქმებულთა რაოდენობა 150 000 ადამიანს აჭარბებდა (2019 წლის მონაცემებით).

„მთავრობის მიერ საგანგებოდ ტურიზმის მხარდასაჭერად შემუშავდა მიზნობრივი ღონისძიებები, რომელთა მიზანია, დაეხმაროს ტურიზმის ინდუსტრიას კრიზისის დაძლევასა და აღდგენაში, კერძოდ: ტურიზმის ინდუსტრიის ეკონომიკური სუბიექტები 2020 წელს სრულად თავისუფლდებიან ქონების გადასახადისაგან, ხოლო საშემოსავლო გადასახადის გადავადება ხდება 2020 წლის ბოლომდე.

მთავრობა ექვსი თვის განმავლობაში მოახდენს სესხის პროცენტის 80 პროცენტის სუბსიდირებას 20 მილიონზე ნაკლები ბრუნვის მქონე სასტუმროებისთვის, რაც წარმოადგენს ქართული სასტუმრო ინდუსტრიის უდიდეს ნაწილს.

კვების ობიექტები ჩაერთვებიან საკრედიტო-საგარანტიო სქემაში, რითაც მათ საშუალება მიეცემათ, მოაგვარონ ლიკვიდობასთან დაკავშირებული პრობლემები და დააფინანსონ ოპერაციული ხარჯები.

ტურისტული კომპანიებისთვის/ტუროპერატორებისთვის მთავრობა მოახდენს საბანკო გარანტიის პროცენტის სუბსიდირებას ექვსი თვის განმავლობაში.

მთავრობა ასევე განახორციელებს სპეციალურ აქტივობებს გიდებისა და სხვა პროფესიული ტურისტული სერვისების სწრაფი აღდგენის უზრუნველსაყოფად. საქართველოს მთავრობა მოახდენს ტურისტულ გამოფენებზე თანამონაწილეობის თანხების სუბსიდირებას.

გარდა ამისა, უკვე განისაზღვრა ტურიზმის ინდუსტრიის ამოქმედების სამეტაპიანი გეგმა, რომლის მიხედვით მოხდება ინდუსტრიის მომზადება ახალ პირობებში ოპერირებისთვის. 15 ივნისიდან მოხდება შიდა ტურიზმის აღდგენა, ხოლო პირველი ივლისიდან დაგეგმილია საერთაშორისო ტურისტული მიმოსვლის აღდგენა“, – აცხადებს საქართველოს მთავრობა.