„ფაინენშალ თაიმსი“ – გლობალური სავაჭრო ორგანიზაციის შეფასებით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი რეგიონის ტურიზმის ინდუსტრიას დღეში დაახლოებით 600 მილიონი დოლარის ზარალს აყენებს
გლობალური სავაჭრო ორგანიზაციის შეფასებით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი რეგიონის ტურიზმის ინდუსტრიას დღეში დაახლოებით 600 მილიონი დოლარის ზარალს აყენებს. ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსი“ წერს.
ინდუსტრიის წარმომადგენლების თქმით, ფრენების გაუქმება, საჰაერო სივრცის პერიოდული დახურვა და მოგზაურების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შიში მნიშვნელოვნად აზიანებს რეგიონში ტურისტულ აქტივობას. მათივე შეფასებით, ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც ირანმა აშშ-სა და ისრაელის თავდასხმების შემდეგ სპარსეთის ყურის რამდენიმე ქვეყანაზე დარტყმები განახორციელა.
მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭოს პრეზიდენტის, გლორია გევარას განცხადებით, თუნდაც მოკლე დროით შეფერხებამ, შეიძლება, სწრაფად გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური დანაკარგები ტურისტული მიმართულებებისთვის, ბიზნესისთვის და რეგიონში დასაქმებული ადამიანებისთვის.
ომის ფონზე ბევრმა მოგზაურმა ახლო აღმოსავლეთში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. მხოლოდ დუბაიში ერთი კვირის პერიოდში, ბინების გაქირავების პლატფორმებზე, მათ შორის Airbnb-სა და Vrbo-ზე, 80 000-ზე მეტი ჯავშანი გაუქმდა.
კონფლიქტამდე მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭომ შეაფასა, რომ საერთაშორისო ვიზიტორები მიმდინარე წელს ახლო აღმოსავლეთში დაახლოებით 207 მილიარდ დოლარს დახარჯავდნენ.
„რეგიონის ქალაქები, მათ შორის დუბაი, ტურისტებს იზიდავდა მაღალი კლასის სასტუმროებით, კლიმატითა და შედარებით მშვიდი გარემოთი, თუმცა სამხედრო დაპირისპირება უკვე შეეხო მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ სასტუმროებსაც“, – აღნიშნულია სტატიაში.
მიუხედავად არსებული კრიზისისა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რეგიონს კონფლიქტების შემდეგ ტურისტული სექტორის სწრაფად აღდგენის გამოცდილება აქვს. ანალიტიკოსების ნაწილი ვარაუდობს, რომ ბიზნესმოგზაურობა, შესაძლოა, სწრაფად აღდგეს, თუმცა დასვენების მიზნით მოგზაურებმა, შესაძლოა, ალტერნატიული მიმართულებები აირჩიონ. ამასთან, ზოგიერთი სპეციალისტი ოპტიმისტურად არის განწყობილი. ანალიტიკოს რიჩარდ კლარკის შეფასებით, როგორც კი კონფლიქტი დასრულდება, ტურისტები რეგიონში კვლავ დაბრუნდებიან.
„ცხადია, ვიდრე აფეთქებები ხდება, დიდი მოთხოვნა არ იქნება, მაგრამ როგორც კი ეს დასრულდება, ვფიქრობ, ხალხი დაბრუნდება. მოგზაურებს, როგორც წესი, უფრო მოკლე მეხსიერება აქვთ, ვიდრე ინვესტორებს“, – განაცხადა კლარკმა.