საქართველოს მთავრობა - კორონავირუსისგან გამოწვეული უარყოფითი გავლენა ქვეყნის ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორს შეეხო
საქართველოს მთავრობა - კორონავირუსისგან გამოწვეული უარყოფითი გავლენა ქვეყნის ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორს შეეხო

საქართველოს მთავრობა განმარტავს, რომ კორონავირუსისგან გამოწვეული უარყოფითი გავლენა ქვეყნის ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორს შეეხო. აღმასრულებელი ხელისუფლება პარლამენტისთვის წარდგენილ წლიურ ანგარიშში აღნიშნავს, რომ 2020 წლის პირველი ორი თვის საშუალო რეალური 3.7-პროცენტიანი ზრდის შემდეგ, მარტში დაფიქსირდა კლება – 2.7 პროცენტი, ხოლო აპრილში კლების წინასწარმა მაჩვენებელმა – 16.6 პროცენტი შეადგინა.

მთავრობა აღნიშნავს, რომ მარტში 22.1 პროცენტით, ხოლო აპრილში 27.9 პროცენტით შემცირდა საქართველოს ექსპორტი, იმპორტი კი, იმავე თვეებში 12.7 პროცენტითა და 38.5 პროცენტით შემცირდა.

„2020 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტი სულ შემცირდა 11.9 პროცენტით, ხოლო იმპორტი 11.8 პროცენტით ნაკლებია წინა წლის იგივე პერიოდის მაჩvენებელთან შედარებით.

2020 წლის იანვარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვანი 17.6 პროცენტიანი ზრდის შემდეგ, თებერვალში − 5.2 პროცენტით, მარტში − 69.8 პროცენტით, ხოლო აპრილში, საჰაერო სივრცის დახურვის შემდეგ, შემოსავლები 96.8 პროცენტით შემცირდა და მხოლოდ 5.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ეკონომიკის შემცირება, ასევე პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯების ზრდა, პირდაპირ აისახება როგორც ბიუჯეტის შემოსავლების, განსაკუთრებით კი საგადასახადო შემოსავლების, ასევე ხარჯების მოცულობაზე. 2020 წელს ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები საერთაშორისო პარტნიორების მიერ გამოყოფილი გრანტებისა და კრედიტების გარეშე დაგეგმილი იყო 13.7 მლრდ ლარის ოდენობით, რაც, განახლებული პროგნოზების მიხედვით, მცირდება 1.8 მლრდ ლარით.

წარმოქმნილი დეფიციტის ნაწილობრივი დაფინანსების მიზნით, მიმდინარე წლის მარტიდან მნიშვნელოვნად შეიზღუდა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი. დაგეგმილია ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირება დაახლოებით 600 მლნ ლარის ოდენობით“, – აღნიშნავს მთავრობა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ პანდემიამ მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინა როგორც კერძო სექტორზე, ისე მოქალაქეების მდგომარეობაზე. შესაბამისად, აუცილებელი გახდა დამატებითი რესურსების მოძიება როგორც ბიზნესის, ისე მოქალაქეების პირდაპირი დახმარებებისთვის, ასევე ვირუსის გავრცელების პრევენციისა და დაავადებულთა მკურნალობისთვის.

„აღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე, დამატებითი ღონისძიებებისთვის საჭირო ფინანსურმა რესურსებმა დაახლოებით სამი მლრდ ლარი შეადგინა.

იმის გათვალისწინებით, რომ ფაქტობრივად შეუძლებელია გლობალურად ზუსტი პროგნოზის გაკეთება პანდემიის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, დიდია გაურკვევლობა პანდემიის ეკონომიკაზე გავლენების შესახებ. შესაბამისად, აუცილებელია ბიუჯეტში გარკვეული რეზერვების შექმნა, რათა უფრო პესიმისტური და მძიმე სცენარების განვითარების შემთხვევაშიც არ წარმოიქმნას ბიუჯეტის ხარჯების დაფინანსების პრობლემა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიღწეულ იქნა შეთანხმება საბიუჯეტო დეფიციტის გაზრდაზე მშპ-ის 8.5 პროცენტამდე. ასევე, საერთაშორისო პარტნიორებთან წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად, მოხდა მნიშვნელოვანი დაფინანსების მოზიდვა – 1.5 მლრდ აშშ დოლარი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან და ასევე 1.5 მლრდ აშშ დოლარის ფინანსური რესურსის ხელმისაწვდომობა კერძო სექტორისთვის“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, დოკუმენტში საუბარია ქვეყნის საგარეო ვალზეც.

„2020 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, მთავრობის საგარეო ვალის პორტფელი მთლიანი მთავრობის ვალის 79 პროცენტს შეადგენს. ამ რესურსის დიდი ნაწილი მიღებულია მრავალმხრივი და ორმხრივი დონორებისგან/პარტნიორებისაგან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული პროექტების/პროგრამების დაფინანსებისთვის.

ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვა, მათ შორის, ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად. თუმცა, მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია, რომ თუნდაც შეღავათიანი სესხების მოზიდვა ზრდის მთავრობის ვალის ოდენობას, ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა დაეთმობა მოზიდული სესხებით დაფინანსებული პროექტების შერჩევას, მათი პრიორიტეტულობისა და მიზნობრიობის გათვალისწინებით“, – აცხადებს მთავრობა.

დატოვე კომენტარი