საქართველოს მთავრობა „ელექტრონული კომერციის შესახებ“ კანონის მიღებას გეგმავს
საქართველოს მთავრობა „ელექტრონული კომერციის შესახებ“ კანონის მიღებას გეგმავს

ჩვენ ვგეგმავთ უკვე 2018 წლიდან მივიღოთ კანონი ელექტრონული კომერციის შესახებ, ამით ამოქმედდება საქართველოში ელექტრონული კომერციის ევროპული რეგულაციები, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კომპანია „საქართველოს ფოსტის“ ახალი სერვისის „მალეოს“ პრეზენტაციაზე.

აღნიშნული სერვისით უცხოეთის ინტერნეტ-მაღაზიებიდან შეკვეთილ პროდუქციას საქართველოს რეგიონების მცხოვრები ადამიანები „საქართველოს ფოსტის“ ოფისებში უცხოეთიდან შეკვეთილ ამანათს იგივე ტარიფით მიიღებენ, როგორც დიდი ქალაქების მოსახლეობა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ახალი კანონი ხელს შეუწყობს ინტერნეტსივრცეში, ელექტრონული კომერციის პროცესში, მომხმარებელთა უფლებების და მათი პერსონალური მონაცემების დაცვას.

„ამასთან, აუცილებლად მიგვაჩნია საქართველოში დაინერგოს ელექტრონული კომერციის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები. კანონი ასევე ხელს შეუწყობს ელექტრონული კომერციის პლატფორმების სანდოობის ამაღლებას, საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ზრდას, ადგილობრივ ბიზნესს, მათ შორის, მცირე და საშუალო საწარმოებს საკუთარი პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე გატანაში დაეხმარება,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ქუმსიშვილის თქმით, კანონის გარდა, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ელექტრონული კომერციის სტრატეგიის დოკუმენტზე, რომლის მიზანია საქართველოში წარმოებული მაღალი პოტენციალის მქონე პროდუქტების იდენტიფიცირება და ელექტრონული კომერციის საშუალებით საერთაშორისო ბაზარზე, განსაკუთრებით კი ევროკავშირის ბაზარზე გატანა და გაყიდვების ხელშეწყობა.

„დოკუმენტზე მუშაობაში ჩვენ გვეხმარება ევროკავშირი და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების პროექტი „მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და DCFTA საქართველოში“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.