საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები თბილისში დაბრუნდა. ქართველ მორაგბეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები ოვაციებით დახვდნენ.
როგორც საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, ნაკრებმა დასახულ ამოცანას კარგად გაართვა თავი.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ თამაშის მოგება. თან მნიშვნელოვანი იყო, რომ ხარისხიანად მოგვეგეგო, დამაჯერებელი ანგარიშით და ამის გაკეთება შევძელით. ვფიქრობ, ამ მომენტისთვის რაც იყო ჩვენი ამოცანა, ყველაფერს იდეალურად თუ არა, კარგად გავართვით თავი. თავისთავად საშრომი, გამოსასწორებელი და რაღაცები უკეთესად გასაკეთებელი არის, თუმცა ამ მომენტისთვის ბედნიერი ვარ, რომ შევძელით ის, რა მიზანიც რამდენიმე თვის წინ დავისახეთ“, – განაცხადა მერაბ შარიქაძემ.
საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია. პარიზში გამართულ ფინალში ბორჯღალოსნებმა პორტუგალიის გუნდი 36-10 დაამარცხეს და ტურნირი ზედიზედ მეშვიდედ, ჯამში კი მეთექვსმეტედ მოიგეს.