ზედიზედ მეშვიდედ - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია #1TVSPORT
ზედიზედ მეშვიდედ - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები პარიზში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიის ნაკრებს შეხვდა, 36:10 დაამარცხა და ზედიზედ მეშვიდედ (ისტორიაში კი მეთექვსმეტედ) ტურნირის გამარჯვებული გახდა.

 

შეხვედრა ქართველმა მორაგბეებმა აქტიურად დაიწყეს და უპირატესობას თავიდანვე დაეუფლნენ. პირველ ტაიმში ვერცერთმა გუნდმა ლელოს დადება ვერ მოახერხა (ბევრი შესაძლებლობა არც ჰქონიათ), მაგრამ ქულების მოპოვების ყველა შანსი გამოიყენეს – მატკავამ ოთხი ჯარიმა გაიტანა, რასაც პორტუგალიელებმა ტაიმის ბოლოს ერთით უპასუხეს და ტაიმი საქართველომ 12:3 მოიგო.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე საქართველოს ნაკრებმა შეხვედრის პირველი ლელო დადო – „ბორჯღალოსნების“ შეტევა ნაკრების საუკეთესო მელელოვემ, აკაკი ტაბუცაძემ (რომელმაც ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა) დააგვირგვინა და საქართველოს ნაკრების უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა – 17:3.

ლელოს შემდეგ „ბორჯღალოსნები“ უფრო აქტიურად ათამაშდნენ და რამდენიმე წუთში კიდევ ერთი ლელო დადეს – ამჯერად თავი ვანო კარკაძემ გამოიჩინა, გარდასახვა კი მატკავამ ზუსტად შეასრულა და ანგარიში 24:3 გახდა.

თამაშის ბედიც, ფაქტობრივად, გადაწყდა – საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა 36:10 გაიმარჯვა და რაგბი ევროპის ჩემპიონატი ზედიზედ მეშვიდედ მოიგო.

ფინალამდე მეხუთე-მერვე ადგილებისთვის მატჩში ბელგიამ პოლონეთი 34:8 დაამარცხა, ნიდერლანდებმა გერმანიას 45:0 მოუგო, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კი ესპანეთმა რუმინეთს 40:33 სძლია.

საბოლოოდ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ადგილები ასე განაწილდა:

1. საქართველო, 2. პორტუგალია, 3. ესპანეთი, 4. რუმინეთი, 5. ნიდერლანდები, 6. გერმანია, 7. ბელგია, 8. პოლონეთი.

ირაკლი ტყემალაძის ფოტოები (საქართველოს რაგბის კავშირი)