საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით დღეს ათენი-თბილისის ავიარეისი შესრულდება
საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესის ფარგლებში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული განრიგიდან დღეს განხორციელდება მორიგი რეისი ათენი-თბილისის მიმართულებით.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მგზავრებს შორის არიან განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოქალაქეები, ფეხმძიმე ქალბატონები, 10-მდე მცირეწლოვანი ბავშვი და მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე პირები.
„საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, სამშობლოში უკვე დაბრუნდნენ მოქალაქეები ბერლინიდან, ვენიდან, ამსტერდამიდან, ლონდონიდან, მათ შორის ათენიდანაც (ეგეოსის ავიახაზები)“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, უწყების ინფორმაციით, უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით დაგეგმილია ფრენები: 10 აპრილი – თბილისი-ლარნაკა-თბილისი, 12 აპრილი – თბილისი-ბერლინი-თბილისი, 14 აპრილი თბილისი-ამსტერდამი-თბილისი, 16 აპრილი – თბილისი-პარიზი-თბილისი, 18 აპრილი – თბილისი-თელავივი-თბილისი, 21 აპრილი – თბილისი-რომი-თბილისი, 24 აპრილი – თბილისი-ბარსელონა-თბილისი, 27 აპრილი – თბილისი-ვარშავა-თბილისი.
საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ აღნიშნული რეისები განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესის სრული დაცვით და ყველა მგზავრი, რომელიც საქართველოში ჩამოვა, 14 დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლის.
უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნების მიზნით ევროპიდან საქართველოს მიმართულებით რეისებს კომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ ახორციელებს.