საქართველოს მოქალაქეები ჩარტერული ავიარეისით დღეს ლარნაკადან დაბრუნდნენ
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დღეს ლარნაკა-თბილისის მიმართულებით ჩარტერული რეისი შესრულდა.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, მგზავრთა შორის იყვნენ მცირეწლოვნები და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოქალაქეები. ერთ პირს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით, თბილისის აეროპორტში რეანომობილი დახვდა, რათა იგი შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაეყვანათ.
სამინისტროს ცნობით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, შესრულდა ფრენები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდან, მათ შორის, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკიდან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან, ბარსელონიდან, ვარშავიდან, მადრიდიდან, პრაღიდან და ა.შ.
18 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 20 880 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში, მთავრობის ხელშეწყობით, ორგანიზებულად დაბრუნდა 11 880 მოქალაქე. „კოვიდ-19“-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს.
ამასთან, ახლო მომავალში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი ფრენების განხორციელება: 20 მაისი – ათენი-თბილისი; 22 მაისი – რომი-თბილისი.