„საქართველოს მატიანეს“ მონუმენტის მომიჯნავე ფერდობებზე 10 765 ნერგი ირგვება
ურბანული ტყის აღდგენის პროექტის ფარგლებში, თბილისის ზღვის მიმდებარედ, „საქართველოს მატიანეს“ მონუმენტის მომიჯნავე ფერდობებზე თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური 10 765 ნერგს რგავს.
სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დღეს ადგილზე გაეცნო.
„ამ პროექტის ფარგლებში უკვე დაახლოებით 6.6 ჰექტარი ტყე აღდგა. ტერიტორიაზე 10 000-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის ხე ირგვება, ასევე, ეწყობა სარწყავი სისტემა, რათა ნერგების გახარებისა და ზრდისთვის ყველა პირობა იყოს შექმნილი“, – აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ტერიტორიაზე ჯამში არანაკლებ 1,5 მეტრის სიმაღლის სხვადასხვა სახეობის ხე ირგვება. კერძოდ, 2 153 ძირი მინდვრის ნეკერჩხალი, 2 153 ძირი კავკასიური აკაკი, 2 153 ძირი ჩვეულებრივი იფანი, 2 153 ძირი ჰიმალაის კედარი, 1 077 ძირი ჩვეულებრივი ნუში და 1 076 ძირი თრიმლი. რგვისა და სარწყავი სისტემის მოწყობის პარალელურად, ადგილზე განოყიერებული მიწის შეტანის სამუშაოც მიმდინარეობს. ამასთან, ახლად დარგული მცენარეების დაცვის მიზნით, ტერიტორიის შემოღობვაც იგეგმება.
გამწვანების აქციაში ასევე მონაწილეობდნენ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე და თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე გიორგი დოხტურიშვილი.