საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 100 000 მოწამის ხსენებას აღნიშნავს
ყოველი წლის 13 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია პატივს მიაგებს 100 000 მოწამის ხსოვნას.
წმინდა ასი ათასი ქართველი მოწამე, ჯალალ ად-დინის ბრძანებით, ხვარაზმელების მიერ სარწმუნოებისთვის XIII საუკუნეში აღესრულა. 1226 წელს ხვარაზმის სულთანი ჯალალ ედ-დინი საქართველოს შემოესია. საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, მეტეხის ხიდზე, ქრისტიანები შეკრიბეს და ქრისტიანული სიწმინდეების შეურაცხყოფასა და სჯულის შეცვლას აიძულებდნენ. მათგან უარის მიღების შემდეგ, ხვარაზმელებმა მათ თავები მოჰკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს. თბილისი ააოხრეს, გაძარცვეს და გადაწვეს, მოანგრიეს სიონის ტაძრის გუმბათი.
ამ დღის აღსანიშნად და ასი ათასი ქართველის მოსახსენებლად, მეტეხის ხიდზე დღეს, 17:00 საათზე პარაკლისს გადაიხდის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე.