საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ლიტვის დელეგაციას უმასპინძლა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო კოორდინატორს უმასპინძლა. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სიმონას შატუნასი კომისიის წევრებმა მერაბ ქათამაძემ, ვახტანგ აბაშიძემ და გიორგი ფრუიძემ მიიღეს. შეხვედრას დაესწრო ასევე ლიტვის ელჩი გიედრიუს პუოდიუნასი და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის – „GNCC-ის მხარდაჭერა ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის დახვეწასა და ინსტიტუციონალურ გაძლიერებაში“ მუდმივი მრჩეველი გიედრიუს პურასი. შეხვედრისას მხარეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის როუმინგის ერთიანი სივრცის შექმნის შესაძლებლობა განიხილეს. კომისიის წევრებმა ლიტვის საგანგებო ელჩს აღნიშნული საკითხის ხელშეწყობისთვის მზადყოფნა დაუდასტურეს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებლების გაერთიანების (EaPeReg) ფარგლებში 2016 წელს როუმინგის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფი (REWG) შეიქმნა, რომლის მიზანია, ერთიანი როუმინგული სივრცის ჩამოყალიბება (ერთიანი დაბალი როუმინგული ტარიფების დაწესება) პირველ ეტაპზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს (აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა), ხოლო მეორე ეტაპზე – აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის. აღნიშნული ჯგუფის თავმჯდომარე უკრაინაა, ხოლო – თანათავმჯდომარე – ლიტვა. წევრები არიან როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, ასევე – ევროკავშირის ქვეყნების მარეგულირებელი ორგანოების ექსპერტები.
ჯგუფი ამჟამად მუშაობს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ პროექტზე – HiQSTEP “Short term High Quality Studies to Support the Activities of the Eastern Partnership”, რომლის მიზანს როუმინგის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის საკონსულტაციო დახმარება წარმოადგენს. პროექტის ფარგლებში ევროკომისიის მიერ დაქირავებულმა კონსორციუმმა, Kantor Management Consultants“-ის ხელმძღვანელობით, ექსპერტთა სამუშაო ჯგუფს წარუდგინა ანგარიშის პროექტი, რომელიც შემუშავდა როუმინგის ექსპერტთა ჯგუფის ჩართულობით. ანგარიშის პროექტი, ძირითადად, მოიცავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შესაბამისი კანონმდებლობის მიმოხილვას, როუმინგული ბაზრების ანალიზსა და რეკომენდაციებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ერთიანი როუმინგული სივრცის შესაქმნელად. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ანგარიშის პროექტის სრულყოფისათვის. ანგარიშის საბოლოო ვერსია ევროკომისიას მიმდინარე წლის შემოდგომაზე წარედგინება.
ამის შემდეგ, ისევ ევროკომისიის დაფინანსებით, დაიწყება მეორე დიდი პროექტი, რომლის მიზანი იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის როუმინგული ტარიფების შემცირების თაობაზე შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება.