საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები 12-დან 14 იანვარის ჩათვლით მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე ლატვიის, ლიტვისა და ისრაელის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს. მომდევნო ეტაპზე კი მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გამოვა.
ნაკრების ახალმა სამწვრთნელო შტაბის წევრებმა მაკედონიელმა დონე ბოშკოვსკიმ და მისმა ასისტენტმა ტიტე კალანდაძემ ამ დროისთვის უძლიერეს შემადგენლობას მოუყარეს თავი და ნაყოფიერი ორკვირიანი შეკრებაც ჩაატარეს.
გუნდში არიან ვეტერანებიც (თევზაძე, ჭანტურია, მსხვილიძე, დათუკაშვილი), შუა თაობის რამდენიმე წარმომადგენელი გუნდის ლიდერ ირაკლი ჩიქოვანის ჩათვლით, ახალგაზრდები (ორჯონიკიძე, დიხამინჯია, რუსტამოვი), რომელთაც უკვე უთამაშიათ ეროვნულ გუნდში და ორი ჭაბუკი – 17 წლის გიორგი ლაპიაშვილი და 16 წლის გიორგი ცხოვრებაძე, რომლის ტრანსფერი ფრანგულ მონპელიეში გასული წლის შემოდგომაზე ევროპული ხელბურთის ერთ-ერთი ხმაურიანი სიახლე იყო.
მსოფლიოს ჩემპიონატი 2019 წლის იანვარში დანიასა და გერმანიაში გაიმართება. ევროპის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ექვსი ჯგუფია. აქედან სამში ტურნირი ორ წრედ, მიმოსვლით, შემოდგომიდან მიმდინარეობს, სამი ჯგუფი კი ერთ წრედ ითამაშებს ლიტვაში, იტალიასა და პორტუგალიაში.
14 იანვარს ექვსივე გამარჯვებული ცნობილი იქნება. ამ ექვს გუნდს პლეიოფში დაემატება 10 ქვეყანა ევროპის 2018 წლის ჩემპიონატიდან, რომელიც პარასკევს იწყება ხორვატიაში. ამ ტურნირის მონაწილე 16 გუნდიდან სამს, 2017 მსოფლიო ჩემპიონ საფრანგეთსა და 2019 წლის ტურნირის მასპინძლებს, გერმანიისა და დანიის საგზური უკვე აქვთ. ამ სამეულს დაემატება „ევრო 2018“ სამი საუკეთესო გუნდი, დანარჩენი 10 კი გადაერთვება პლეიოფში, დაემატება პირველი ეტაპის ექვს გამარჯვებულს და 2018 წლის ივნისში იბრძოლებს კიდევ რვა საგზურისთვის. წილისყრა თებერვალში გაიმართება.
კლაიპედა. შვიტურიო არენა (5500 მაყურებელი)
12 იან. 18:30 ლატვია-საქართველო, 21:00 ლიტვა-ისრაელი
13 იან. 17:30 ისრაელი-ლატვია, 20:00 საქართველო-ლიტვა
14 იან. 16:30 ისრაელი-საქართველო, 19:00 ლიტვა-ლატვია
მსაჯები: ბოგდან კალუჯეროვიჩი – ივან ვუიაჩიჩი (მნტ)
დელეგატები: კალევ ვენცლი (ესტ), იან რუდინსკი (სლკ)